LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვყვიროდით, ბავშვებო, ხმა გაგვეცით-მეთქი… თოკებზე ჩაბმულები, ტალახში ჩაფლული ხეებიდან ვაკვირდებოდით გარემოს” – რას ჰყვება ყოფილი მაშველი სტიქიის ზონიდან

3344
BeFunky-collage - 2023-08-10T004854.752

სტიქიის ზონაში, შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილე ყოფილი მაშველი, დათო ჭიტაძე „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ტრაგედიის დღეებს იხსენებს და დეტალებზე გვიყვება:

„ეძებდა ეს კაცი იმედს – დაკარგული ბავშვების, დუდაშვილების მამა, იქნებ შეშინებულები ტყეში გაიქცნენ და სადმე თავს აფარებენო. სამაშველო თოკებით, მდინარის ნაპირიდან სამ კმ-ზე მეტი ვიარეთ, თითქმის მთის წვერამდე ავედით… ყველა ნაბიჯი კი არა, სანტიმეტრიც კი საშიში იყო – ძლიერი დარტყმისგან ხეები იყო გადაჩეხილი, ლაფში ჩაფლული მათი ბასრი პირი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

იმ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ, მეწყრის დიდი მასა იყო და ადამიანის ცოცხლად გადარჩენის შანსი უბრალოდ არ არსებობდა… დაუდასტურებელი ინფორმაცია გვქონდა, როდესაც მეწყერი წამოვიდა, ადამიანები ტყეში შეცვიდნენო.

იმ კაცისთვის, რომელიც ცოლ-შვილს ეძებდა, გვინდოდა, ბოლომდე გვეჩვენებინა, რომ მიწის ყოველ გოჯს შევამოწმებდით და თუ რამე შესაძლებლობა არსებობდა, თავს არ დავზოგავდით, რათა მისი ოჯახის წევრები გვეპოვა. მთის მწვერვალზე, თითქმის საზღვრამდე ავედით, შემდეგ 15 ადამიანი 150-მეტრიან მანძილზე გადავნაწილდით და დავეშვით ქვემოთ… გზადაგზა ვყვიროდით – ბავშვებო, ხმა გაგვეცით, რამენაირად გვანიშნეთ და დაგეხმარებითო.

ალაგ-ალაგ ვჩერდებოდით, რომ რამე სიცოცხლის ნიშანი გვეპოვა. თოკებზე ჩაბმულები, ტალახში ჩაფლული ხეებიდან ვაკვირდებოდით გარემოს, მიუხედავად იმისა, რომ იმ სიმაღლის ლაფიდან ადამიანის ამოსვლა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, მაგრამ რაღაცის იმედს ვეპოტინებოდით – იქნებ ხეზე შეძლო ჩაჭიდება ან სადმე გადაუხვიაო…

ვიცოდით, რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვცდილობდით, ძალები არ დაგვეზოგა… როდესაც მეხანძრე-მაშველად ვმუშაობდი, საკუთარ თავზე არც კი ვფიქრობდი, ოღონდ ადამიანს დავხმარებოდი…სამწუხაროდ, ადამიანის, სიცოცხლის კვალიც კი ვერ ვიპოვეთ.

როდესაც ჩამოვედით, ის კაცი ისევ იქ იდგა, გაქვავებული, მის დანახვაზე ყელში ბურთი გამეჩხირა. თვალებში ვეღარ ვუყურებდით, აქეთ მოგვეფერა, მადლობა გვითხრა თავდაუზოგავი მუშაობისთვის”, – საუბრობს ერთ-ერთი მაშველი „კვირის პალიტრასთან”.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g