„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ეხმიანება ამავე პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, „არ და ვერ იქნება იქ, სადაც არაფორმალური მმართველობა იქნება“.
ანა წითლიძის განცხადებით, „ახლა ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და კინკლაობები უმნიშვნელოა“.
„არაფერი მესაქმება იქ, სადაც ხალხის ინტერესი არაა მთავარი, ივანიშვილს დაამარცხებს შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ხალხი“ – ნიკა მელია
„არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.“
„არ მგონია, რომ ეს გარჩევები და მისი ეს პოზიციები მნიშვნელოვანია ახლა, როცა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ გავერკვიოთ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს.
ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება და კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. წინ გველის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, დამიჯერეთ, მეც, ნიკა მელიასაც, ლევან ხაბეიშვილსაც და ჟურნალისტებსაც ვინც ახლა აქ ხართ, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება ნამდვილად და ნებისმიერი ასეთი უთანხმოება უკან მოგვრჩება“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისათვის, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ არაფერი ესაქმება არსად, სადაც ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არ არის მთავარი – „ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი“, – წერს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე.