LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა დამცინოდა, ჩემს სიტყვას აბუჩად იგდებდნენ, მაგრამ დავამტკიცე, რომ შემიძლია“ – საზღვაო აკადემიიდან შორეულ ნაოსნობამდე, ერთი დღე გემზე და პროფესიის არჩევისას არსებული სტერეოტიპები

540
Untitled design (4)

„სხვა პროფესია რომ ამერჩია, ალბათ, დღეს ასეთი ამაყი და ბედნიერი ვერ ვიქნებოდი,“ – ამბობს მარიამ გურგენიშვილი, რომელიც საქართველოში გემის ერთადერთი ქალი მექანიკოსია.

22 წლის მარიამი ახლა შორეულ ნაოსნობაში იმყოფება.

როდესაც „ფორტუნას“ საკუთარ გამოცდილებაზე, შთაბეჭდილებებსა და გეგმებზე უყვებოდა, პორტიდან გასასვლელად ემზადებოდა – მარიამის გემი იტალიიდან თურქეთისკენ მიემართება.

შორეული ნაოსნობიდან მარიამი, დაახლოებით, 2 თვეში დაბრუნდება და კვლავ ახალი მოგზაურობისთვის მოემზადება. ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები სწორედ ნაოსნობას უკავშირდება.

 

 

14 წლის ასაკში, უკვე ფიქრობდა, რომ გემის მექანიკოსი გახდებოდა. ამ პროფესიის შესახებ საინტერესო ისტორიებს ისმენდა ოჯახის წევრისგან, რომელიც ასევე მეზღვაურია.

„13-14 წლის ასაკში უკვე ვფიქრობდი, რომ გემის მექანიკოსი გავმხდარიყავი. ოჯახის წევრი მყავს მეზღვაური, ისიც გემის მექანიკოსია და როცა საკუთარი პროფესიის შესახებ მიყვებოდა, ძალიან მომეწონა. არ ვიცოდი, სად შეიძლებოდა მესწავლა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე მანქანების მექანიკის განხრით. მეორე კურსზე გავიგე, რომ არსებობს საზღვაო აკადემია. არც დავფიქრებულვარ, საბუთები მაშინვე გადავიტანე.“

მარიამი ამბობს, რომ მიზნის მიღწევამდე ბევრი ისწავლა, სკეპტიკურად განწყობილი ბევრი ადამიანის აზრიც მოისმინა, თუმცა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის შესაბამისად მიიღო და ახლა სხვებსაც ურჩევს – „ისწავლონ და გახდნენ ისინი, ვინც უნდათ, რომ გახდნენ“.

 

საზღვაო აკადემიიდან შორეულ ნაოსნობამდე – მარიამის პირველი მოგზაურობა

 

გემზე პირველად, 20 წლის ასაკში, 2021 წლის 17 ნოემბერს ავიდა.

„პირველი გასვლის დროს თურქეთიდან იტალიაში გადავედით, შემდეგ ესპანეთსა და პორტუგალიაში წავედით.

პირველი ერთი კვირა რთული იყო – უცნობ ადამიანებთან შეჩვევა, მათთან ერთად მოგზაურობა. თავიდან ზღვის შიში მქონდა.. ზღვასთან მომიწევდა ყოველთვის შეხება, ამიტომ შემდეგ შევეჩვიე.

როდესაც გემზე პირველად ავედი, დაბნევის მომენტი არ მქონია, წამოსვლამდე უკვე ვიცოდი, წინ რა მელოდებოდა, იმასთან შეგუება მჭირდა, რომ თვეების განმავლობაში ამდენ უცხო ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა, მაგრამ ძალიან მალე და მარტივად შევეგუეთ ყველა ერთმანეთს..

ახლა კი მეორე კონტრაქტით, გემზე 3 იანვარს ამოვედი. ისევ სტაჟიორად წამოვედი, აპრილში რომ დავბრუნდები, საბუთებს გავაკეთებ და უკვე მესამე მექანიკოსად წავალ,“ – იხსენებს მარიამი „ფორტუნასთან“.

 

 

 

ერთი დღე გემზე

 

მარიამის სამუშაო დღე, დილის 08:00 საათზე იწყება და 17:00 საათამდე გრძელდება. აკეთებს ყველაფერს, რასაც ავალებენ.

„ახლა იტალიაში ვართ, ვენეციაში, დღეს პორტიდან გავდივართ, შემდეგი გაჩერება თურქეთში გვაქვს. ჩემს გემს დაუმუშავებელი სოდა გადააქვს.

გემზე 17 ადამიანი ვართ, კონტრაქტორი კომპანია თურქულია და პერსონალიც, ძირითადად, თურქეთის მოქალაქეები არიან. თურქული ვიცი. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ.

ჩემი დილა 08:00 საათზე იწყება. საუზმის შემდეგ, სამანქანე განყოფილებაში ჩავდივარ, ვიწერ პარამეტრებს და ჟურნალში შემყავს. ასე გრძელდება 17:00 საათამდე. მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის გემზე და რომელ კომპანიაში ვიქნები, ყველგან ერთი და იგივე პრინციპია.

მთავარია, ჩემს პროფესიაში წინ ვიარო. სამომავლო გეგმებიც სწორედ ნაოსნობას უკავშირდება.

რომ დავფიქრდე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ სამოგზაუროდ მინდა ამერიკისკენ წავიდე“, – აღნიშნავს მარიამი.

 

 

გამოწვევები და პროფესიის არჩევისას არსებული სტერეოტიპები

 

„იმ პერიოდის განმავლობაში, რაც გემზე ვარ, სახიფათო, გამოუვალი სიტუაცია არ გვქონია, თუმცა პირველ ამოსვლაზე ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი – საწვავის საცავში ნაჭერი გაიჭედა და მთავარ ძრავს საწვავი არ მიეწოდებოდა, მთელი ეკიპაჟი სამანქანე განყოფილებაში ვიყავით და ღამის სამ საათამდე ვაკეთებდით, თუმცა, ამ დროს შიშის მომენტი არ ყოფილა,“ – იხსენებს მარიამი და დასძენს, რომ მის მიერ არჩეული პროფესია დიდ პასუხისმგებლობას, ძალისხმევას და კარგ ნერვებსაც მოითხოვს.

„იმის მიუხედავად, რომ ჩემზე უკვე ბევრი სტატუსი დაიწერა, ხშირად ვხვდები უცნაურ კომენტარებს. კიდევ უკვირთ [ჩემი პროფესია] ხან მაღიზიანებს, ხან მეცინება, ვერ იჯერებენ, რომ შეიძლება ქალი იყოს მექანიკოსი, ან ნებისმიერ სხვა მსგავს პროფესიას დაეუფლოს.

როდესაც ვამბობდი, რომ ამ პროფესიის არჩევა მსურდა, უნდობლობა მიგრძნია, გარეგნობიდან გამომდინარე ამბობდნენ, „შენ რას გააკეთებ იქ“, „როგორ უნდა იმუშაო“ და ა.შ.

სკოლაში, ჩემს ნაცნობებს, ახლობლებს, არავის სჯეროდა, რომ გემის მექანიკოსი გავხდებოდი. ყველა დამცინოდა, ჩემს სიტყვას ყველა აბუჩად იგდებდა, მაგრამ დავამტკიცე, რომ შემიძლია.

მე რომ მათი სიტყვისთვის დამეჯერებინა და სხვა პროფესია ამერჩია, ალბათ, დღეს ასეთი ამაყი და ბედნიერი ვერ ვიქნებოდი იმ პროფესიით“, – აცხადებს მარიამი.

მიუხედავად ზოგიერთი ადამიანის რიგი განწყობებისა, მარიამ გურგენიშვილი ამბობს, რომ დღემდე გრძნობს ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერას.

„ჩემი ოჯახის წევრები მხარს მიჭერენ, გვერდში მიდგანან და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მეუბნებიან, რომ რადგან ეს პროფესია ავირჩიე, უნდა ვიარო წინ და არავის საუბარს არ უნდა მივაქციო ყურადღება. მეუბნებიან, რომ მთავარია, ჩემს პროფესიაში ვიყო წარმატებული.

როცა ზღვაში ვართ, ინტერნეტის პრობლემაა და უმეტესად ინტერნეტის გამო ვერ ვუკავშირდები ხოლმე, მაგრამ როდესაც შეფერხება არ არის, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ოჯახის წევრებს ყოველთვის ვესაუბრები. ჩემი მეგობრებიც მხარს მიჭერენ, სულ მეუბნებიან – „წინ! მარიამ სულ წინ უნდა იარო, არავის სიტყვა და აზრი არ ღირს დანებებად“.

საკუთარი გამოცდილებით, ყველას ვეტყვი: თუ ამ [პროფესიის] ან ნებისმიერი, „მამაკაცების პროფესიის“ არჩევა უნდათ, არავის მიაქციონ ყურადღება. მთავარია მოინდომონ, გადადგან ნაბიჯი – ისწავლონ და გახდნენ ისინი, ვინც უნდათ, რომ გახდნენ“, – აღნიშნავს მარიამი „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები