თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, ყველა დოკუმენტაცია არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავად იხილოს. როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, პირადად სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო. ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ეხება არის საჯარო. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება.
დღეის მდგომარეობით, შვიდი ეტაპი გვაქვს გავლილი. ექვსი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია. ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ტექნიკური ზედამხედველობა აქვს გაწეული ლაბორატორიის მიერ“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას, წარმოდგენილი ინფორმაციით, ვაკის პარკში განხორციელებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა.
„როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა. ეს შადრევანიც რეგულარულად მოწმდებოდა გამართულად მუშაობდა თუ არა. არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპზე მას ექსპლუატაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ ჰქონია“, – აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე