არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 ადამიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგიში ედებათ ბრალი.
საქმის პროკურორი, მარიამ გოგორელიანი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები აქვს.
„10 მშობელია, 1 მასწავლებელი – რა თქმა უნდა, ყველა ინფორმირებული იყო ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველას თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ფოტოების გადაღება ხდებოდა. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება ამის დასადასტურებლად.
გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად პორნოგრაფიაა ასახული, აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, – განაცხადა პროკურორმა.
ბავშვთა პორნოგრაფია - დაკავებულია არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი
ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ.
შეგახსენებთ, შსს-მ აღნიშნული ბრალდებით კიდევ 11 ადამიანი 5 დეკემბერს დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავისი არასრულწლოვანი შვილები. ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2019 წლის სექტემბერში, შსს-მ გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.