LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბევრი იგრძნობს თავს დაჩაგრულად, მაგრამ წყენის მოთმენასაც ცოდნა უნდა” – დათო ფორჩხიძე ,,ვოისის” საინტერესო დეტალებით „არტ-FM“-ში

24
დათო-ფორჩხიძე

20 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს პოპულარული პროექტის Voice-ის ერთ-ერთი მენტორი, მუსიკოსი დათო ფორჩხიძე სტუმრობდა, რომელმაც კონკურსანტებსა და პროექტში საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა.

– დათო, რას ნიშნავს თქვენთვის პროექტი Voice და როგორ გრძნობთ თავს მენტორის ამპლუაში?

– მეოთხე სეზონია Voice-ში ვმონაწილეობ და უკვე შევეგუე, რომ ამგვარ პროექტში მონაწილეობა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაა, რადგან ერთის მხრივ, დაუღალავ შრომას მოითხოვს, მეორეს მხრივ, უზარმაზარ ენერგიას და ემოციას გართმევს, რადგან ყოველთვის რთულია საუკეთესოს არჩევა. წელს ექვსი კონკურსანტი მყავს, რომლებიც პრაქტიკულად ოჯახის წევრები გახდნენ, ჩემს სახლში ცხოვრობენ და ჩემს მეუღლესთან, შვილებთან მეგობრობენ, ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და ნებისმიერის გაშვება გამიჭირდება. ძალიან დამენანა ირაკლი კაპანაძე, მაგრამ სხვა გზა არ იყო, რადგან ექვსივე კონკურსანტს ფანტასტიკური გამოსვლა ჰქონდა. ვცდილობ წინასწარ შევამზადო ყველა და ავუხსნა, რომ საბოლოოდ მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული, თუმცა სინამდვილეში, ყველა გამარჯვებულია, რადგან პროექტი უზარმაზარ გამოცდილებას იძლევა. რა თქმა უნდა, „ევროვიზია“ პრესტიჟული კონკურსია, მაგრამ მხოლოდ რიგითია,  რომლის მსგავსი უამრავი იქნება, ბევრად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა, რადგან სწორედ ჩვენ უნდა შევქმნათ მათთვის სიმღერები და ვიზრუნოთ მათ პოპულარობაზე. რა თქმა უნდა, ბევრი იგრძნობს თავს დაჩაგრულად, მაგრამ წყენის მოთმენასაც ცოდნა უნდა. თვითონაც მქონია მსგავსი შემთხვევები, მაგრამ არასდროს მიწუწუნია, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა დრო და აუცილებლად დავამტკიცებდი ჩემს უპირატესობას. პროფესიონალიზმიც სწორედ ესაა – ძალა უნდა გეყოს, რომ ყველა მარცხის შემდეგ შეძლო ფეხზე დადგომა. ბედნიერი ვარ, რომ ყველა კონკურსანტისთვის მაქსიმუმი გავაკეთე და საუკეთესო ნომრები შევქმენი. მართალია, ბევრმა არ დააფასა, მაგრამ ნამდვილად არ მწყენია, რადგან არც პოპულარობა მაკლია, არც აღიარება, ამ პროექტში კი, სულ სხვა მიზნები და სურვილები მაქვს. პირველ რიგში, ჩემს მაგალითზე მინდა დარწმუნდნენ ბავშვები, რომ ვარსკვლავობა პირველ რიგში საკუთარი საქმის სიყვარული და თავდაუზოგავი შრომაა. ზოგადად, ნებისმიერი კონკურსი რთულია, რადგან ბევრი კადრულობს უკადრებელს, მიხარია, რომ Voice-ის მენტორები კარგი მეგობრები ვართ, შევძელით სიტუაციის დალაგება და კონკურენციაც ბევრად ჯანსაღი გახდა.

– რას ნიშნავს იყო კარგი პედაგოგი?

– ვფიქრობ, მთავარი ობიექტურობა და ზომიერების გრძნობაა. არც მოსწავლეს უნდა მისცე სისულელის გაკეთების უფლება, არც თვითონ უნდა მოახვიო საკუთარი სურვილები ზედმეტად თავს. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის გუნდური მუშაობის სწავლება. მართალია, ხშირად მკიცხავენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არა ერთი ადამიანის, არამედ სწორედ გუნდური მუშაობის შედეგია.

– გყავთ თუ არა ფავორიტი?

– ყველა კონკურსანტის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს. მართალია, ზოგს მეტი გამოცდილება აქვს, ზოგი საერთოდ გამოუცდელია, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მათი წარსული. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რაც მე მეხება.

– როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს თქვენს პოპულარობას?

– ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სიმღერებს პატარა ბავშვები ასრულებენ. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ თურმე უკრაინაში ქართველი მებრძოლები სიმღერას „თოვლი მოსულა“ მღერიან.  ვფიქრობ სწორედ ესაა პოპულარობა და არა კონკურსებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა ყველა წარმატებას ჩემს მეგობრებთან – „სახის“ წევრებთან ვინაწილებ, რადგან მათ გარეშე ნამდვილად არაფერი იქნებოდა.

– ყველაზე ძლიერ კონკურსანტებს აქვთ ჩავარდნები. თქვენი აზრით, რა არის მათი მარცხის მიზეზი?

– რა თქმა უნდა, ფსიქიკა. ზოგჯერ უძლიერეს ტენორებსაც ეშინიათ მაღალი ნოტის აღება და ძნელია მოსთხოვო ახალბედა მომღერალს იყოს უშეცდომო. ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსების დაძლევა, ბევრი მუშაობა და გამოცდილების შეძენა.

– რით განსხვავდება წლევანდელი Voice გასული სეზონებისგან?

– წელს განსაკუთრებით ძლიერი კონკურსანტები არიან. სიმართლე ვთქვა, საერთოდ არ მესმის რატომ მონაწილეობენ ეს ბავშვები კონკურსში, როცა არც დაფასება ექნებათ, არც ანაზღაურება. ალბათ ესაა ნიჭი, როცა გემღერება და სხვანაირად არ შეგიძლია. მიხარია, რომ არც მე ჩამოვრჩი ახალგაზრდებს, ისევ ფორმაში ვარ და ახალგაზრდულ შემართებასაც ვინარჩუნებ.

– თქვენი აზრით, რომელი კონკურსანტი იმსახურებს „ევროვიზიაზე“ გამგზავრებას?

– რა თქმა უნდა, ჩემს გუნდშიც არიან მსგავსი უნივერსალები და კონკურენტ გუნდებშიც, რომლებიც კონკურსის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ გაიმარჯვებს, თუმცა ყველას წარმატება ერთნაირად გამიხარდება და ყველას მარცხი ერთნაირად დამწყვეტს გულს. მთავარია, ჩვენ – მენტორები ყველასთვის ერთნაირად დავიხარჯეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ. მართალია, ბევრის მშობელი განაწყენდება, უამრავს დაგვაბრალებს და არასდროს დაგვიფასებს შრომას, მაგრამ ვერასდროს დავუმტკიცებთ, რომ ობიექტურები ვიყავით და მხოლოდ ბავშვების ნიჭისა და უნარების გათვალისწინებით ვმოქმედებდით.

– ნანობთ თუ არა კონკურსში მონაწილეობას?

– ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელე, თუმცა, ძალიან დამღალა ნერვიულობამ და ძალიან მომბეზრდა საკუთარი უპირატესობის მტკიცება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ასაკის მიუხედავად, მაინც „სახის“ თაობა ვარ. ხშირად ვამბობ, რომ პირველი ბაბუა ვიქნები, ვინც სიმღერას „შენ რა სექსი ხარ“ იმღერებს. ახლა ვიდეოების კეთებას ვსწავლობ, ძალიან მინდა „სახის“ რამდენიმე კომპოზიციის თავიდან ჩაწერა და ვიდეოების დამოუკიდებლად გადაღება. აუცილებლად ჩავწერ ახალ სიმღერებსაც, რომლებიც აუცილებლად ძველს გაუტოლდება პოპულარობით.

,,სოფო ბათილაშვილის წასვლა ჩემთვისაც მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა” – სოფო ტოროშელიძე

,,ყველაზე რთული ბრმა კასტინგი აღმოჩნდა, თუმცა, ძალიან აზარტულია, როცა არ იცი, ვისთან მოგიწევს მუშაობა” – სტეფანე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები