24 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკალური პროექტის Voice-ის მენტორი, მუსიკოსი სტეფანე სტუმრობდა, რომელმაც პოპულარულ შოუზე ისაუბრა.
– სტეფანე, უამრავ კონკურსში მიგიღიათ მონაწილეობა, თუმცა Voice რადიკალურად განსხვავდება ყველასგან. რამდენად რთულია მსგავს შოუში მონაწილეობა?
– წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან ერთის მხრივ, კონცერტისთვის მზადებას, მეორეს მხრივ, ვირუსების პერიოდს დაემთხვა, ხან ბავშვები იყვნენ ავად, ხან მე ვიყავი ცუდად, დეკემბრის კონცერტიც მაღალი სიცხით ჩავატარე, ავად იყვნენ ბენდის წევრებიც, ასე რომ, დღემდე არ ვიცი, როგორ შევძელით სცენაზე გამოსვლა. ამავე პერიოდს დაემთხვა Voice-იც, რომელიც მართლა უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს, რადგან ყოველ კვირა ოთხი სიმღერას ვარჩევთ კონკურსანტებისთვის, არადა წინასწარ მოფიქრებაც შეუძლებელია, რადგან არასდროს იცით ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე. პირადად ჩემთვის ყველაზე რთული ბრმა კასტინგი აღმოჩნდა, თუმცა, ძალიან აზარტულია, როცა არ იცი, ვისთან მოგიწევს მუშაობა, საკმაოდ მძიმე და დატვირთულია სამუშაო გრაფიკიც, რადგან ყველაფერი სწრაფად და ერთდროულად ხდება.
– რას ელით კონკურსის ნახევარფინალებისგან?
– ძალიან ძლიერი კონკურსანტები გვყავს, ჩვენ კი, ყველაფერს ვაკეთებთ მათი შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად, ამიტომ დარწმუნებული ვარ, შოუ შედგება და მართლაც საინტერესო ნახევარფინალები იქნება.
– რამდენად ითვალისწინებთ კონკურსანტების აზრს და სურვილებს?
– რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან ძალიან არ მინდა დავწყვიტო გული და იმ სიმღერის შესრულება ავუკრძალო, რომელიც თვითონ უნდათ.
– როგორ ფიქრობთ არიან თქვენს გუნდში „ევროვიზიის“ პოტენციალური მონაწილეები?
– ვფიქრობ, კარგი პროდიუსერის და საკუთარი ნომრის კარგად „შეფუთვის“ შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია „ევროვიზიაზე“ მოხვედრა, რადგან მთავარი არა სიმღერის უნარი, არამედ პერფორმანსია. ზოგადად, „ევროვიზია“ პოლიტიკურ-სოციალური, ძალიან უცნაური კონკურსია, რომელიც დიდად არასდროს მომწონდა.
– 2009 წლის „ევროვიზიაზე“ თქვენი სიმღერის ტექსტისა და სათაურის გამო ვერ მოხვდით,
– გეთანხმებით, მართალია, „ევროვიზიაზე“ არ დაგვიშვეს, მაგრამ მთელი მსოფლიო მოვიარეთ ამ სიმღერით. სინამდვილეში, ჩვენ არა კონკურსში მონაწილეობა, არამედ საჯაროდ გვინდოდა პროტესტის გამოთქმა.
– ძირითადად რას განიხილავთ თქვენს მოსწავლეებთან?
– განსაკუთრებულს არაფერს, რადგან კარგი მუსიკალური გამოცდილება აქვთ. მეტწილად სიმღერის შერჩევისას ვარჩევთ მის დრამატურგიას, რადგან თვითონ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. შეიძლება იმღერო სუფთად, მაგრამ მაინც მოსაწყენი იყო, რადგან ვერ გამართო სიმღერა დრამატურგიულად.
– რით განსხვავდება წლევანდელი Voice გასული სეზონებისგან?
– სეზონს ყოველთვის მონაწილეები განსაზღვრავენ, წელს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები გვყავს.
– რას ეტყვით თქვენი გუნდის გულშემატკივარს?
– არ მოდუნდეთ და აუცილებლად გვიგულშემატკივრეთ!
– როგორ ემზადებით 14 თებერვალს დაგეგმილი კონცერტისთვის?
– თვითონაც გამიკვირდა, მაგრამ უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. ყოველი კონცერტის წინ ეჭვი მაქვს, რომ მსმენელს მოვბეზრდი და აღარ მოუნდება ჩემი მოსმენა, მაგრამ საბედნიეროდ ყოველთვის ვცდები.
– როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს თქვენს პოპულარობას?
– მთავარი გულწრფელობაა, იყო ნამდვილი და არ მოატყუო მსმენელი. პირადად მე ყველა კონცერტზე ბოლომდე ვიხარჯები, მერე კი, სწრაფად ვივიწყებ, ყოველდღიურ რუტინას ვუბრუნდები და ნაკლებად ვფიქრობ პოპულარობაზე.
– საკმაოდ ადრე გამოიყვანეთ შვილი სცენაზე, თუმცა მანამდე მაქსიმალურად ცდილობდით მის დაცვას საზოგადოებრივი ყურადღებისგან, რატომ გადადგით მსგავსი ნაბიჯი?
– გამუდმებით მეკითხებოდნენ, რატომ ვმალავდი ბავშვს. გავბედე და სულ 2 წუთით გამოვიყვანე სცენაზე, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან დარბაზი ერთიანად აფეთქდა. სხვათა შორის, მანამდე დოკუმენტური ფილმში გადაიღეს, როგორც ჩანს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და მისმა გამოჩენამ მართლაც ფურორი მოახდინა. ახლაც იმავეს მოითხოვენ ჩემგან, არადა სულ სხვა გეგმები გვაქვს, ამიტომ ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტთ.
– რამდენადაც ვიცი, ოჯახში ახალი წევრი, პატარა ლეკვი გყავთ,
– 3 თვის იორკშირი გვყავს, რომელმაც საერთოდ ამიწეწა ისედაც გადატვირთული გრაფიკი, მაგრამ მაინც ვერ ვუბრაზდები, რადგან ძალიან მიყვარს.
,,სოფო ბათილაშვილის წასვლა ჩემთვისაც მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა” – სოფო ტოროშელიძე