ყველა მშობელს სურს შვილებს სწავლის მიმართ ინტერესი გაუღვიძოს და მოტივაცია გაუზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მისი აკადემიური წარმატება თუ წარუმატებლობა სახლის გარემოზეც არის დამოკიდებული. როგორც მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თამარ გაგოშიძემ განაცხადა, მშობლებისა და მასწავლებლების მიდგომა დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.
რა ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ ბავშვისთვის სწავლის მიმართ ინტერესის გაზრდაზე?
შესაბამისი სამოტივაციო სიტუაციის შექმნა ბავშვისთვის მცირე ასაკიდან არის მნიშვნელოვანი. მშობლების ნაწილი მხოლოდ მაშინ აქცევს ბავშვს ყურადღებას, როდესაც ის აშავებს, ხოლო კარგად მოქცევისა ან დავალების შესრულების შემთხვევაში რეაგირებას არ ახდენენ. ასეთ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ მინუს ნიშნით ხდება მისი შეფასება. რაც შეეხება მშობლების მეორე კატეგორიას, ასეთი მშობელი სულ აქებს საკუთარ შვილს და ეუბნება, რომ „ყველაზე მაგარია და ყველაფერი შეუძლია“. უნდა იცოდეთ, ორივე მიდგომა არასწორია.
რამდენად ამართლებს ბავშვთან ურთიერობისას მკაცრი მიდგომა?
მკაცრი დამოკიდებულების დროს, მშობლები ხშირად უარყოფით შეფასებებზე გადადიან. ბავშვს არ უნდა უთხრათ კარგია ის თუ ცუდი. შეაქეთ, როდესაც კარგად გააკეთებს დავალებას. აუხსენათ რა არ გამოსდის და რაზე უნდა იმუშაოს უფრო მეტად.
როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ დაბალი თვითშეფასება არ ჩამოუყალიბდეს?
სუსტი ბავშვი არ არსებობს. თუ ბავშვს არ აინტერესებს რომელიმე საგანი, ეს არა ბავშვის, არამედ პედაგოგისა და მშობლის დამოკიდებულამ განაპირობა. მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც ბავშვი გრძნობს და მას უჩნდება თვითშეფასება ამა თუ იმ საგანთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მას სწავლის მიმართ ინტერესს უქვეითებს. ბავშვისთვის ლეგიტიმური უნდა იყოს შეცდომა.
ნორმალური სკოლა ორიენტირებულია საშუალო მოსწავლეზე, სკოლამ მას მოტივაცია უნდა შეუქმნას და ბავშვს არ უნდა შეეშინდეს კითხვის დასმის ან პასუხის გაცემის. ეს გარემოება სწორედ მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შექმნან. ბავშვის შედარება შეიძლება მისსავე თავთან, როგორი იყო გუშინ და როგორია დღეს, რა გააკეთა გშინ და რას აკეთებს დღეს. მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება, ეს არ არის კარგი, სწორედ ეს ფაქტორი უგდებს ბავშვს მოტივაციას.
რჩევები თამარ გაგოშიძისგან:
გადაცემის ჩანაწერი