LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება თვითმოტივაცია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

607
ნათია-უტიაშვილი

რაში გვეხმარება თვითმოტივაცია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრა.

როგორ გამოიხატება თვითმოტივაცია?

თვითმოტივაცია ადამიანის შიგნით არსებობს და ის მუდმივად აიძულებს ადამიანს იმოქმედოს, არ შეუშინდეს სირთულეებს და მუდმივად ისწრაფოს იმ მიზნისკენ, რომელიც მისია, რომლის მიღწევაც მას თავად სურს და არ არის სხვებისგან მოხვეული.  როგორც ცნობილია არსებობს გარეგანი და შინაგანი ანუ თვითმოტივაცია. გარე მოტივაციას იმხელა ძალა არ გააჩნია, როგორიც თვითმოტივაციას და რა თქმა უნდა პირველი სხვა ადამიანებზე, გარემოზე, გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. 

დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ საკითხზე, როგორიც არის საკუთარ თავთან საუბარი.  ზოგ ადამიანს ეს წარმოუდგენლად ეჩვენება, ზოგს არაჯანსაღად,  თუმცა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოტივაციისთვის სჭირდება ადამიანს. 

მუშაობს თუ არა გარეგანი მოტივაცია?

გარეგანი მოტივაცია ყოველთვის არ მუშაობს. მაგალითად ადამიანი ფიქრობს,  რომ მას ეს არ გამოუვა და გარედან სხვისი მხრიდან იმის ძახილი: შენ ამას შეძლებ, შეიძლება  სულაც არ იქცეს მოტივაციად. გარეგანი მოტივაციის მართვა რთულია, როდესაც არ იცი რას გვეტყვიან. რაც შეეხება შინაგან მოტივაციას ეს ჩვენზეა დამოკიდებული და შეგვიძლია  ვმართოთ. ბავშვობაში მოტივაცია ძირითადად გარეგანია. მოტივატორები არიან მშობლები, ბაღი, სკოლა. მაგრამ როდესაც პიროვნება ვითარდება, ის ნელ-ნელა უნდა გადავიდეს თვითმოტივაციაზე. რაც მთავარია თვითმოტივაცია გვეხმარება იმაში, რომ რაღაც აზრი, ფიქრი, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში ტრიალებდეს ჩვენს ტვინში გადავიყვანოთ ქმედებაში. ანუ უკვე დალაგებული აზრები მოვიყვანოთ ქმედებაში.

რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ საკუთარ თავს თვითმოტივაცია გაუწიოს? 

ეს არის  ენერგია, რომელიც გვეხმარება მოქმედებაში, მიზნისკენ სვლაში. მაგრამ როგორც ნებისმიერი ენერგია, ესეც  იწურება და განახლება , შევსება სჭირდება. რა თქმა უნდა დამოკიდებული მიზანზეც, რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო  მეტი ენერგია სჭირდება.  ის ენერგიის წყარო, რაც თვითმოტივაციას სჭირდება ყველა ადამიანშია, უბრალოდ ამას სჭირდება მიგნება. მიგნების ერთ-ერთი გზა არის საკუთარ თავთან დიალოგი. ზოგადად 80 პროცენტი ფიქრებისა არის უარყოფითი. ხშირად საკუთარ თავს უფრო ცუდ რაღაცებს ვეუბნებით, ვიდრე სხვას. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს, სხვამ რომ გვითხრას ალბათ არც კი ვაპატიებთ. როდესაც  რაღაც არ გამოგდის, ხშირად ეს სწორედ შენი ფიქრების ბრალია. თუ მთელი დღე ცუდად გრძნობ თავს, ან რაღაც არ გამოგდის, ჰკითხე საკუთარ თავს: რა ვუთხარი ისეთი , რომ მთელი დღე ასეთ ხასიათზე ვარ.  ნეგატიური ფიქრებიც უნდა მივიღოთ, მაგრამ ბალანსის დაცვაც არის საჭირო. იქვე გავიხსენოთ დადებითი რა აქვს ამ ყველაფერს.   არ მოგწონს დატვირთული სამუშაო გრაფიკი, იქვე თქვი: სამაგიეროდ ეს ანაზღაურება მჭირდება და ასე შემდეგ. რადგან რაღაცას რომ აკეთებ, ესე იგი იმასაც აქვს გარკვეული სარგებელი. როდესაც ნეგატიურს პოზიტიურით აბალანსებ, მერე ეკითხები საკუთარ თავს: მე ეს ყველაფერი ამად მიღირს? თუ გიღირს რჩები, თუ არადა იწყებ ცვლილებას, ანუ ტვინი ეძებს ალტერნატივას. დაბალანსებას მივყავართ  თვითმოტივაციასთან.

როგორ ვისაუბროთ საკუთარ თავთან სწორად? 

საკუთარ თავთან საუბრის დროს აუცილებელია სწორი დიალოგი, მხარდამჭერის პოზიციიდან საუბარი. განსაკუთრებით კრიზისის დროს საჭიროა წახალისება, უნარებზე ყურადღების გამახვილება, იმედის მიცემა. იმედს ყველაზე დიდი ადგილი უკავია თვითმოტივაციაში და ჩვენ ხშირად ვუკლავთ ხოლმე საკუთარ თავს ამ იმედს. თვითმოტივაციისთვის საჭიროა კარგად ვიცნობდეთ საკუთარ თავს. ვინ ხარ, რა გინდა..გახსოვდეთ: როგორც ვეკონტაქტებით საკუთარ თავს, ისე გვეკონტაქტებიან სხვა ადამიანები. მოტივირებულ ადამიანს რომ კითხო მიზნებზე, ძალიან ბევრს ჩამოგითვლის,თვითმოტივირებულს მაქსიმუმ 2-3 მიზანი აქვს, ისიც ზუსტად იცის, პერიოდსაც კი დაგისახელებს. რაც მთავარია საკუთარ მიზანზეა შეყვარებული, სულ მასზე ფიქრობს, ყველაფერში ხედავს. თვითმოტივირებული ადამიანის ცხოვრებაში არ არის ჩარჩოები, მარტივად უდგება საკითხს. ვიღაც რომ ეუბნება: ამას ვერ გააკეთებ, ეს სხვასაც არ  გამოუვიდა, თვითმოტივირებული ადამიანი ჩარჩოებში კი არ ექცევა, ფიქრობს: მერე რა ვცდი გამომივა -კარგია, არ გამომივა-არაუშავს და შესაბამისად არც საკუთარ ფსიქიკაზე არ ძალადობს და მარცხის უფლებასაც აძლევს. მარტივად უდგებიან. 

რატომ გვიჭირს საკუთარი თავისთვის სიყვარულის ახსნა, წამახალისებელი სიტყვების თქმა? 

არ ვიცით წამახალისებელი ფრაზები, არ უსწავლებიათ: მიყვარხარ როგორ უთხრათ საკუთარ თავს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვასწავლოთ საკუთარ თავს ამის თქმა. უნდა მოვძებნოთ ჩვენთვის საჭირო  ფრაზები: მე ამას შევძლებ, მე ეს გამომივა, მე მაქვს უფლება ვიყო  ბედნიერი, მე მაქვს უფლება დავისვენო და ასე შემდეგ. საკუთარი თავი უნდა მივაჩვიოთ თვითზრუნვას, თვითმოტივაციას. მერე ჩვენი ფსიქიკისთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან ტვინი არის იმისთვის, რომ გვემსახუროს და ჩვენი დავალებები შეასრულოს.