24 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ეკა მამალაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის „მომე ხელი“ პრემიერით.
– ქალბატონო ეკა, როგორ შეიქმნა სიმღერა?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „მომე ხელი“ საკმაოდ ძველი სიმღერაა, რომელსაც წლების მანძილზე ვასრულებდი, თუმცა ახლა განსხვავებული ინტერპრეტაციით ჩავწერე. მუსიკა სიმღერისთვის რამდენიმე ათწლეულის წინ დაწერა ბატონმა რევაზ გაბიჩვაძემ, უამრავმა მუსიკოსმა და ჯგუფმა, მათ შორის ჩემი ბებიას დამ შეასრულა პირველი ჯაზბენდის შემადგენლობაში. სწორედ სახლში მოვისმინე სიმღერა პირველად, მერე კი, ქალბატონმა ლია ხუგაშვილმა შემომთავაზა მისი თანამედროვე ვერსიის შესრულება. კომპოზიცია ჩემს რეპერტუარში შევიტანე და პირველად რუსთაველის თეატრში მოწყობილ სოლო კონცერტზე წარმოვადგინე. საღამოს „მოგზაურობა დროში“ დავარქვი, რადგან პროგრამაში სხვადასხვა პერიოდის და განსხვავებული სტილის კომპოზიციები გავაერთიანე. გადაცემაში „ავტოგრაფი“ კი, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია, რადგან ყოველთვის საოცარ ადამიანებს მასპინძლობს საინტერესო ისტორიებით, ნიკა ნიკვაშვილმა სპეციალურად „ავტოგრაფისთვის“ შემომთავაზა მისი ახლებურად ჩაწერა და მანვე იმუშავა ახალ ვერსიაზე. ძალიან არ მიყვარს სტაგნაცია და ერთ ადგილას გაჩერება, ცხოვრება ყოველთვის პროგრესირებს და ჩვენც მაქსიმალურად უნდა ავუწყოთ ფეხი, ასეა მუსიკაშიც, ძველი სიმღერისთვის აუცილებელია განახლება და თანამედროვეობას მორგება. თუმცა, არა ისე, რომ სიმღერამ პირვანდელი სახე დაკარგოს.
– მომღერლის იმიჯს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი სამოსი. რამდენად ემთხვევა თქვენი ჩაცმის სტილი თქვენს ხასიათს?
– რა თქმა უნდა, ჩემი სამოსი ჩემს ხასიათს, განწყობას გამოხატავს. მართალია, შინაურებს ძალიან უყვართ კრიტიკა, მაგრამ ჩემთვის მსგავსი შენიშვნები აბსოლუტურად მისაღებია, რადგან სწორედ ახლობლებისგან მინდა ობიექტური შეფასების მიღება. ძალიან ვაფასებ და ყოველთვის ანგარიშს ვუწევ დედის აზრს, რადგან ყოველთვის ტაქტით შეუძლია შენიშვნის გაკეთება და გაკრიტიკება.
– საოცარი გემოვნებით გაქვთ მოწყობილი სახლი, სადაც ყოველთვის შეიძლება ინტერიერის გემოვნებიანი დიზაინის გაკვეთილების მიღება,
– ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტია. მე და დედა ყოველთვის ერთად ვზრუნავთ ბინის ინტერიერზე მით უფრო, რომ დედას არაჩვეულებრივი გემოვნება და საოცრად მახვილი თვალის აქვს.
– რას საქმიანობს ნატალია?
– ნატალიას უამრავი სიახლე აქვს. რა თქმა უნდა, რთულია გადაცემის წაყვანა, რადგან უამრავი თვალი გიყურებს და გაფასებს, თუმცა, ნატალიამ მაინც კარგად გაართვა თავი და რაც მთავარია, საკუთარ ნიშას მიაგნო. რამდენიმე წლის წინ, როცა ჯულიარდის სკოლას ამთავრებდა მეგობრებთან ერთად ფონდი დააარსა „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და სწორედ ორი დღის წინ შედგა ფონდის პრეზენტაცია. ნატალია ცოტა პესიმისტურად იყო განწყობილი, რადგან არ ჰქონდა იმედი, რომ ვინმე დაინტერესდებოდა ფონდის საქმიანობით, რომელიც სწორედ ახალგაზრდების ახალგაზრდებისთვის ცოდნის, გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს და ძალიან გაუკვირდა, როცა პრეზენტაციას უამრავი მოზარდი ეწვია. გარდა ამისა, სექტემბერში პატარას დაბადებას ელოდება. რა თქმა უნდა, ყველას გვიხარია და მოუთმენლად ველით, თუმცა პანდემიის პერიოდში ონლაინ-კონკურსში მონაწილეობის და სამივე ტურში გამარჯვების შემდეგ, ივლისის თვეში ბრიტანეთში გეგმავს გამგზავრებას ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად და ცოტას ვღელავთ, რადგან არ ვიცით როგორ შეძლებს ყველაფრისთვის ერთად თავის გართმევას.
– როგორც ვიცი, ბოლო დროს ქსოვამ გაგიტაცათ?
– კომენდანტის საათის გათვალისწინებით, 9 საათზე ყველა სახლში ვართ. მე ქსოვას ვიწყებ, რადგან ძალიან მომწონს და საოცრად მამშვიდებს. ცოტა ხნის წინ ნიკა წულუკიძის ბიჭს შლემი და ჟაკეტი მოვუქსოვე. განსაკუთრებით პატარა ტანსაცმლის ქსოვა მომწონს, რადგან სწრაფად მინდა დავინახო ჩემი ნამუშევრის შედეგი. ამასთავანე, ძალიან მიტაცებს ყვავილების მოვლა, სწორედ ახლა ვაპირებ ჩემი კოლექციის გადახალისებას. სეზონის მიუხედავად, სახლში ყოველთვის ბევრი ყვავილი იყო, ამიტომ ბავშვობიდან მომწონს მათი ცქერა და მოვლა.
– რას თვლით საუკეთესო საჩუქრად?
– არ ვიცი, ალბათ ნებისმიერი საჩუქრის მიღება სასიამოვნოა.
– ყველაზე ემოციურ კონცერტს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– ყველა კონცერტი ემოციურია, რადგან სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობ, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სწორედ რუსთაველის თეატრში მოწყობილი „მოგზაურობა დროში“ იყო. შარშან მარტში მინდოდა საიუბილეო კონცერტის გაკეთება, მაგრამ არაფერი გამოვიდა, სახლში მოგვიწია ყველას დარჩენა, თუმცა ივნისის თვეში ზურა შევარდნაძესთან ბაღში, ულამაზეს გარემოში მოვაწყვე პატარა საღამო.
– საყვარელი სიმღერა, რომელიც სპეციალურად თქვენთვის დაიწერა?
– ვერცერთს ვერ გამოვყოფ, რადგან სიმღერებიც განწყობის მიხედვით მომწონს. „გოგოვ, გოგოვ შავ თვალავ“, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მომიტანა, ჯუმბერ ამანათაშვილმა შექმნა. სწორედ მას ვთვლი ჩემს კომპოზიტორად, რადგან მისი ნამუშევრები ბრწყინვალედ ერგება ჩემს ხასიათს.
– ვინ გაკლიათ სცენაზე?
– ძალიან უცნაური შეკითხვაა. მემგონი არავინ არ მაკლია. დუეტებს თუ გულისხმობთ, ჩემი მეწყვილე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და სრულიად მარტო დავრჩი. საერთოდ, მარტოობას შეჩვეული ვარ, პირად ცხოვრებაშიც მარტო აღმოვჩნდი, სცენაზეც მარტო დავრჩი და რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე, მაგრამ სულ განცდით და ტკივილით ცხოვრება შეუძლებელია. უამრავი დუეტი ჩავწერეთ მე და გოგიმ, მართალია, რამდენიმე სიმღერას დღეს დამოუკიდებლად ვასრულებ, მაგრამ არის ისეთებიც, რომელთაც სწორედ დუეტი უხდება და არა სოლო შესრულება. საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს გოგი დოლიძის სცენაზე.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ძალიან საინტერესო პროექტს ვამზადებ და შესაძლოა, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელ ამპლუაშიც კი წავარსდგე.
– პროფესიული წარმატება უფრო ღირებულია თქვენთვის თუ წარმატება პირად ცხოვრებაში?
– სიმართლე ვთქვა, მუდმივად მეცვლება პრიორიტეტები. ბავშვობაში ნამდვილად არ მიფიქრია მომღერლობაზე, მით უმეტეს დედასაც არ უნდოდა, რადგან კარგად იცოდა, რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული. 19 წლისას უკვე ორი შვილი მყავდა და ისევ ზერელედ ვუყურებდი მუსიკოსობას, თუმცა ნელ-ნელა მაინც შემიტყუა სცენამ და დღეს სწორედ ესაა ჩემი მთავარი საქმე.
– როგორ ფიქრობთ, როგორ გახასიათებენ უცნობები?
– საბედნიეროდ, ყველასგან მხოლოდ სითბოს და კეთილგანწყობას ვგრძნობ.
– როგორ ახერხებთ ყოველთვის ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნებას?
– მთავარი ჯანსაღი ცხოვრების წესის და კვების რეჟიმის დაცვაა.
– ვისგან მიგიღიათ ყველაზე ღირებული რჩევა?
– ძალიან დაკვირვებული ადამიანი ვარ, ამიტომ ჭკვიანი ადამიანების საუბარს ვუსმენ, მათ ქცევას ვაკვირდები და ვიმახსოვრებ იმას, რაც განსაკუთრებით მომეწონება. რატომღაც, დღეს არავის უნდა აღიარება, რომ ბევრი რამ არ იცის, მე კი, პირიქით, არ მრცხვენია ვაღიარო, რომ რაღაც არ ვიცი და სიამოვნებით ვისწავლი.
– რას ელით მომავლისგან?
– ყველამ თვითონ უნდა შექმნას საკუთარი მომავალი, რადგან თავისით არაფერი არ მოვა. პირადად მე უკვე გაკეთებულის შედეგს ველი.