LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: წალენჯიხა, როგორც ტურისტული მარგალიტი – რა უნდა ნახოთ და იცოდეთ, თუ ამ რაიონში გადასვლას, ან ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ

1051
253298603-1145339359203205-6283992525793546216-n

წალენჯიხა – დასახლება, რომელსაც ქალაქი 1964 წელს ეწოდა, დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული ადგილია. ბოლო 5-6 დღეა, ოპოზიციურად და ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები, თუ ხელისუფლების მხარდამჭერები ყველაზე მეტს სწორედ წალენჯიხაზე საუბრობენ. ზოგი ხუმრობს, ზოგი ბრაზობს – მოკლედ, ემოციები მრავალფეროვანია, თუმცა, ფაქტი ერთია – მას შემდეგ, რაც ამ ქალაქში ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა, წალენჯიხის მიმართ ინტერესი რეკორდულად გაიზარდა.

ქალაქს კიდევ უფრო მეტი გამოხმაურება პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოუტანა, რომელმაც თქვა, რომ წალენჯიხაში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს და ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ.

მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც და თქვა, რომ მისთვის საინტერესოა, ოპოზიციურ მმართველობაში როგორ განვითარდება ბიზნესი. „არის დამოუკიდებელი მერი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს და როგორც ბიზნესმენს, მასთან ერთად მუშაობა მაინტერესებს”, – ამბობს თემურ ჭყონია.

წალენჯიხა სხვა ბიზნესების ყურადღებასაც იქცევს. მაგალითად, კომპანია Algorithm/ალგორითმი მზადაა საწარმო წალენჯიხაში გადაიტანოს. „კომპანა Algorithm/ალგორითმი გამოთქვამს მზაობას, პარტნიორის გამოჩენის შემთხვევაში, ქართული ოცნების მიერ კაბალური პირობების გამო დახურული, ამიერკავკასიაში პირველი IT საწარმოს წალენჯიხაში გადატანის! ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით!“, – წერია „ალგორითმის“ განცხადებაში.

წალენჯიხის თემას გამოეხმაურა სწრაფი კვების რესტორანი „ედორფინიც“ და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „ენდორფინი წალენჯიხაში მალე ! წალენჯიხაში ეკონომიკური ბუმი იწყებაო და რას ფიქრობთ  ენდორფინის  იქ გახსნაზე?“.

მოკლედ, გამოხმაურება ძალიან დიდია და თუ თქვენც გეგმავთ, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში გადახვიდეთ, საკუთარი ბიზნესი იქ გადაიტანოთ, ან უბრალოდ, რამდენიმე დღით სამოგზაუროდ ჩახვიდეთ და სამეგრელოს ეს ნაწილი თავიდან აღმოაჩინოთ, „ფორტუნა“ იმ რამდენიმე ადგილს გირჩევთ, რომელთა ნახვაც წალენჯიხაში ვიზიტისას არ უნდა გამოგრჩეთ.

როგორც იცით, წალენჯიხა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზღვის დონიდან 222 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მას ქალაქი, როგორც უკვე გითხარით 1964 წელს ეწოდა. 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, წალენჯიხაში 23 296 ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის სულ რაღაც 0.6%-ია.

რაც შეეხება წალენჯიხის ტურისტულ პოტენციალს – ის უზარმაზარია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სავსეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ციხე-სიმაგრეებით, ტბებით, ტაძრებით, ცნობილი ქართველების სახლ-მუზეუმებით და ა.შ. მოკლედ, აქ სანახავი ნამდვილად ბევრია. „ფორტუნა“ 12 უმნიშვნელოვანეს ადგილს/ძეგლს წარმოგიდგენთ, რომლის მონახულებასაც გირჩევთ:

წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

იგი 2001 წელს დაარსდა. მუზეუმში წარმოდგენილია მრავალფეროვანი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდს პალეოლითის ხანიდან XX საუკუნემდე. აქ ნახავთ სამეურნეო და საბრძოლო იარაღებს, თიხის, ხის, მინისა და სპილენძის ჭურჭელს, სხვადასხვა სახის ეთნოგრაფიულ ექსპონატებსა და რაიონის ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტურ მასალებს. წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულთათვის.

ეგრისის ქედი – ტობავარჩხილის ტბები

კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო – ზემო სვანეთში. ქედის ქვედა ზონა, 1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), ხოლო სულ ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებით. ქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: მაგანა, ტეხური, ხობი, თხეიში, კასლეთი და სხვა. ეგრისის ქედი არაერთი ულამაზესი ტბის მშობელია. ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), ოხოჯეს ტობა (ცაშკიბულის ტობა, პატარა ტბა), კალალიშ ტობა, დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, ოკარეს ტობა, ლაკუმურაში და სხვა.

ეგრისის ქედზე განლაგებულ ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე სხვადასხვა მარშრუტით შეიძლება მოხვედრა. ლაშქრობის დაწყება და დამთავრება შეგიძლიათ სამ ყველაზე გავრცელებული ადგილიდან: 1. მუხური; 2. სქური; 3. ხაიში.

ჩანჩქერი ინწირა (ინწრა)

მდებარეობს სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინაება მდინარე ინწირას კანიონში. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და ბზის კორომების წალკოტში, რომელიც მისტიკურ გარემოს ქმნის. სოფლიდან ჩანჩქერისაკენ მიმავალი სამანქანო გზა სულ რაღაც 1,6 კმ-ია, შემდეგ კი ტყეში შემავალი ბილიკით ადის ინწირას ჩანჩქერთან და მღვიმესთან. ტყეში შემავალი ბილიკი იწყება სატყეო გზით და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიუყვება ციცაბო ფერდობს, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მისი გავლა. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ასევე ინწირას მღვიმე, რომელიც არანაკლებ საინტერესო სანახავია.

ენგურის (ჯვრის) წყალსაცავი

ენგურის ჰიდროელექტროსადგური – წყალსაცავი და ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ჯვართან, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში, მდინარე ენგურზე. წყალსაცავის სიგრძე 30 კმ. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. ჯვრის წყალსაცავი საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავია (226 მ). შედის გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადის შემადგენლობაში.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი. მდინარე ენგურის სიგრძე 220 კმ-ია. იგი სათავეს იღებს მარადყინულოვან შხარაზე (კავკასიონის ქედი). ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

მუნეს ( ყენიას ) სასიგნალო ჯიხა

კოშკი ჯვარში. მდებარეობს მდინარე ენგურის ნაპირას, ზუგდიდი – მესტიის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 300 მეტრზე. ომუნეს ჯიხა აგებულია XV საუკუნეში. კოშკში კოლხური კულტურის სამუზეუმო სივრცის მოწყობა იგეგმება.

სქურის ციხე

სოფელ სქურში მდებარეობს. იგი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. შემორჩენილია ერთი ზურგიანი კოშკის ნაშთი. კედლები არსებულ სიმაღლეზე ყრუა. ციხე ნაგებია კირქვის დიდი ზომის კარგად დამუშავებული კვადრებით, კირის დუღაბზე. მკაცრად არის დაცული რიგების ჰორიზონტალობა.

ლესალეს ციხე

სოფელ ლესალეში მდებარეობს, მაღალი მთის წვერზე. იგი XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს გალავანსა და მასში ჩადგმულ მართკუთხა კოშკს. კოშკი კარგად არ იკითხება. როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი გალავნის დასავლეთ ნაწილში უნდა ჰქონოდა. სიმაგრე ნაგებია კლდისა და რიყის უსწორმასწორო ქვით.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

მდებარეობს ქალაქ წალენჯიხის მიმდებარედ. ის X-XIII საუკუნეების ძეგლია. ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული, რაზეც გალავნის საძირკველი მეტყველებს. საეპისკოპოსო აქ 1639 და 1650 წლების შუალედში დაარსდა ლევან II-ის თაოსნობით. პირველ წალენჯიხელ ეპისკოპოსად ალავერდელი მიტროპოლიტი მიტროფანე მიიჩნევა. ქეთევან დედოფალს, რომელიც 1624 წელს ირანში წამებით მოკლეს, თან წაღებული ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. მიტროფანემ ისპაჰანიდან დაიხსნა ეს ხატი, გამოიქცა სპარსეთიდან და ლევან დადიანთან შეიხიზნა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1678 წელს, აფხაზებმა ზუგდიდი, ცაიში და ხობის მონასტრები დაარბიეს და წალენჯიხის მონასტერი გაძარცვეს. ეკლესია ვინმე გიორგის თავის მეუღლესთან, თათუასთან ერთად განუახლებია და მამული და ყმები შეუწირავს. მას აქ მოუწყვია თავისი ოჯახის საძვალეც. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. წალენჯიხის მონასტერში მაღალ დონეზე იდგა წიგნების გადაწერის ხელოვნება, თავის დროზე მოღვაწეობდნენ კალიგრაფ-გადამწერები: აფაქიძე, მანუჩრ ქვაბულია, კანდელ-მოძღვარი ეფემიძე მელქისედბეგი, მღვდელი-კალიგრაფი გაბრიელ ბოკუჩავა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ეკლესია დაკეტილი იყო. 1988 წელს კი ტაძარში კვლავ აღდგა ღმრთისმსახურება.

ლეშამგეს ეკლესია

სოფელ ლეშამუგეში მდებარეობს. იგი შუა საუკუნეების დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ტაძრის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია გაჭრილი, აღმოსავლეთის აფსიდში კი – სამი. ფასადები სრულიად მოურთველია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთითა და სამხრეთით, ორივე შესასვლელი არქიტრავულია. ტაძარს მესამე შესასვლელიც ჰქონია – ჩრდილოეთიდან, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას და ნაგებია ნახევრად დამუშავებული ქვით.

ჯვარის წმ. გიორგის ეკლესია

ქალაქ ჯვარში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ძეგლი ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ტაძარი გეგმით მარტივ ტრიკონქს წარმოადგენს. ეკლესია აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის სამ-სამი სარკმლით იყო განათებული. აფსიდებისა და დასავლეთის მკლავის შერწყმის ადგილებზე პროფილირებული პილასტრებია, რომელზეც გუმბათი იყო დაყრდნობილი. დასავლეთის მკლავის გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრებია, მათზე გადასულ სამ თაღს ეყრდნობოდა მკლავის ცილინდრული კამარა. ნაგებობას თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი მორთულობა ჰქონდა. შესასვლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ტაძარი გარედან კარგად დამუშავებული, შიგნიდან კი ნახევრად დამუშავებული კვადრებითაა მოპირკეთებული.

ლეო ქიაჩელის სახლ–მუზეუმი

ქალაქ წალენჯიხასთან ახლოს, სოფელ ობუჯში მდებარეობს. იგი 1978 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია 176 ექსპონატი. აქ შეგიძლიათ ნახოთ ქართველი მწერლის – ლეო ქიაჩელის ოჯახის კუთვნილი ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები, მწერლის ხელნაწერები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმი განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ლიტერატურით დაინტერესებული მნახველებისთვის.

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი

ქალაქ წალენჯიხაში მდებარეობს, მიქავას ქუჩაზე. სახლ-მუზეუმი 1987 წელს დაარსდა, პოეტის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად. მუზეუმი განთავსებულია ტერენტი გრანელის მამის – სამსონ კვირკველიას ნასახლართან აგებულ, რიკულებიანი აივნებით შემკულ სახლში. აქ ექსპონირებულია პოეტის მემორიალური ნივთები, მისი ხელნაწერები. მუზეუმში ხშირად იმართება პოეზიის საღამოები და კულტურული ხასიათის შეხვედრები ახალგაზრდებთან.

ქართული კომპანია ამიერკავკასიაში პირველი IT საწარმოს წალენჯიხაში გადატანას გეგმავს

ხაზარაძეს მივწერე ეს წერილი, კი არ მითქვამს, გაასაჯაროვე-მეთქი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g