LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფსევდოლიბერალები ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ – ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი“ – მდინარაძე ახალი კანონპროექტის შინაარს განმარტავს

145
მამუკა მდინარაძე

„შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას – ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ისინი [ფსევდოლიბერალები] საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია.

„2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას.

ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ.

ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება.

ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე.

წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ.

მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.

ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე.

ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები