29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აფასებს.
მისი თქმით, „გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭომ მიიღო, უსამართლოა“.
„საქართველო ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან და ის აგრძელებს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის წევრობას. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს მოღალატე ოპოზიციონერების დაჟინებული მოთხოვნით მიიღო, არის უსამართლო და ლახავს ყველანაირ ღირსებას და ეროვნულ ინტერესს“, – აცხადებს ნინო წილოსანი.
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ასამბლეა აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ პროგრესი იქნება მიღწეული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, შეწყდება პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.
რეზოლუციას 134 დეპუტატიდან 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.