გახარიამ რაც გააკეთა რეზინის ტყვიების გამოყენებით, გააკეთა გარე დაკვეთით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კაბინეტიდან, სადაც იჯდა „დიფ სთეითის” წარმომადგენელი.
„გახსოვთ, ასევე „ბასიანის” შემთხვევა, სადაც პირველად, აბსოლუტურად ხელოვნურად დალაგებული ამბავი იყო, ერთმანეთს დაუპირისპირა „ქართული ოცნების” ხელისუფლება და ახალგაზრდები. დაკვეთა იყო, დავალება იყო, ამიტომ არ შეიძლება, რომ რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწია. ესეც საინტერესო დეტალია, ვინ დარეკა და ა.შ. ეს კითხვა დაისვა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა „დიფ სთეითის” წარმომადგენელი.
ეს გუნდში იციან და თეა წულუკიანმაც ახსენა, რომ მანაც იცის ეს სახელი და გვარი. ჩვენ ერთმანეთთან გვისაუბრია, მაგრამ საზოგადოებაში ამაზე საუბარს ვერიდებით, რადგან არ გვინდა, რომ ქვეყანას რაღაც ზედმეტი უხერხულობა შევუქმნათ. რეალურად, ამ ზარით, ჩვენთვის საბოლოოდ გახდა ცხადი ის, რომ ეს ადამიანი მოქმედებდა უცხო ძალის დავალებებით.
ის მომენტი და ზარი იყო სრული დასტური, ბეჭედი დაესვა. ეს ზარი ჩემთან არ იყო განხორციელებული, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან განხორციელდა და უმრავლესობის წევრების დიდმა ნაწილმა იცის ეს სახელი და გვარი, იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ზარი იყო ქვეყნის გარედან, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა.
დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, რაც ეთქვა გახარიას, მან ითხოვა 10-15 წუთი და მერე შემობრუნდებოდა და ამ 10-15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან”, ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გადაყენება“,- განაცხადა პრემიერმა.