პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის არც იმ ინიციატივის მხარდაჭერას აპირებენ, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩანს, არის მათი ჩამოუყალიბებელი და დაულაგებელი სტრატეგია.
მისივე თქმით, ნეპოტიზმი და კორუფცია ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით რეაგირება საჭიროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები და ინიციატივები აბსოლუტურად არათანმიმდევრულია.
„პირველ რიგში, ორი მთავარი საკითხია, რის გამოც მხარდაჭერა ვერ შედგება. პირველია, ჩამოყალიბდნენ თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით – ჰქონდათ ინიციატივა, მოდით, ეს ორგანო საგამოძიებო კომისიით ჩავანაცვლოთ, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან იქნებოდა დაკავშირებული.
ახლა პოზიცია შეცვალეს და სხვა კომისიაზე დაიწყეს საუბარი. ამასთან, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რასაც ეს ხალხი აკეთებს, აკეთებს არა მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, არამედ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სტრატეგია და რა ხაზი აქვთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მანამდე პარტია „საქართველოს“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით არც საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივას დაუჭერენ მხარს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.