„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ხშირი სტუმარი ვარ და კიდევ ერთხელ მიხარია, რომ ახალ ფესტივალს ვხსნით, ეს იქნება მუსიკალური საღამო სხვადასხვა მუსიკოსის სინთეზით. ჩვენ მრავალფეროვანი ხასიათების ერთობლიობას შემოგთავაზებთ“, აღნიშნა იტალიური წარმოშობის ფრანგმა აკორდეონისტმა, რიშარ გალიანომ რუსთაველის თეატრში კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე… ბრწყინვალე მუსიკოსი საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა, თუმცა ეს ვიზიტი განსაკუთრებული გადმოდგა, რადგან მასთან ერთად ჩვენს ქვეყანას პირველად ეწვივნენ იტალიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ და შვედი პიანისტი, იან ლუნდგრენი.
მათი ერთობლივი ჯაზპროექტი, რომელმაც კრიტიკოსების და გუშინდელი საღამოს შემდეგ, ქართველი მსმენელის აღფრთოვანება და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა, – „Mare Nostrum“, ჯადოსნურად მოქმედებს მსმენელზე. მისი მოსმენისას შესაძლოა, ისეთ ადგილას აღმოჩნდეთ, სადაც მოხვედრაზე დიდხანს ოცნებობდით და არასდროს ყოფილხართ. სამი შესანიშნავი მუსიკოსის მიერ შექმნილი კომპოზიციები მათ ხელწერასაც აჩვენებს და იმავდროულად იმასაც, როგორ შეიძლება, სამი სხვადასხვა არტისტი ერთ კომპოზიციაში ჰარმონიულად გაერთიანდეს. ამ მუსიკის მოსმენისას ყველა ის ემოცია გაგახსენდებათ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში გამოგიცდიათ…
რიშარ გალიანოს ოსტატობა ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, იან ლუნდგრენის ყოველი შეხება კლავიშთან და პაოლო ფრეზუს მიახლოება ინსტრუმენტთან ის არის, რაც თითოეულმა მელომანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს…
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, მოხიბლული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით, კომუნიკაბელურობით და სითბოთი, რასაც ასე გამოხატავთ“, აღნიშნა პაოლო ფრეზუმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„საინტერესო იყო ამ შესანიშნავ მუსიკოსებთან მუშაობა. ეს არის ყველაზე კარგი გზა იმისათვის, რომ ჩვენ შორის კომუნიკაცია შედგეს. თქვენ იმდენად გამოხატავთ სითბოს, რომ ეს თქვენს მუსიკაშიც იგრძნობა“, იან ლუნდგრენი ამ კომენტარისას გულისხმობდა საინტერესო სიუპრიზს, რომელიც კონცერტზე მისულ საზოგადოებას დახვდა. უცხოელი მუსიკოსების ტრიომ რუსთაველის თეატრის სცენაზე ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ ტრიო შეიამხანაგა გაგა აბაშიძის, მიშო ჯავახიშვილისა და ბუბა მურღულიას შემადგენლობით. თავიდან დაგეგმილი იყო ერთი კომპოზიციის შესრულება, რომელიც კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა, თუმცა მას შემდეგ, რაც იან ლუნდგრენმა კონცერტამდე ერთი დღით ადრე „ირიაოს“ მიერ შესრულებული „შენ ხარ ვენახი“ მოისმინა, გადაწყვიტა, რომ კოლაბორაციისთვის კიდევ ერთი კარგი მიზეზი ჰქონდა და შვედური იავნანას საკუთარი ვერსიის შესრულებაც შესთავაზა ქართულ ტრიოს, რაზეც ქართველი მომღერლები,რ ასაკვირველია,ს იამვონებით დათანხმდნენ. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მუსიკოსებმა დიდხნიანი ოვაციები მიიღეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ასეთ ძვირფას მუსიკოსებს, მათთან ერთად სცენაზე დგომა დიდი პატივია. რა თქმა უნდა, შრომატევადი იყო მათთან სცენაზე დგომის დამსახურება. რაც შეეხება „ირიაოს“ მივემგზავრებით ლატვიაში და კიდევ ველოდებით რამდენიმე ევროპული კონცერტის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას…
სამი ვირტუოზის თბილისური კონცერტით მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანი ლაღიძე, კონცერტის შემდეგბ ემოციებს ვერ მალავდა.
ანი ლაღიძე:
მართლაც ენით აუწერელია, რაც დარბაზში თუ სცენაზე ხდებოდა. ემოციებიც კი არ გვყოფნის, რომ ეს აღგიწეროთ. ბრწყინვალედ გაიხსნა ახალი მუსიკალური ფესტივალი „თბილისი რიტმი“, ძალიან ღირსეული ევროპული ჯაზპროექტით, „მარე ნოსტრუმ“, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც დარბაზში ისმენდა ამ ყველაფერს…
„თბილის რიტმის“ დამფუძნებლები ყოველ წელიწადს რამდენიმედღიან ფესტივალს გვპირდებიან, რომლის ფარგლებშიც გაიმართება არა მხოლოდ მუსიკალური საღამოები, არამედ საინტერესო ხელოვანების მასტერკლასები და ვორქშოფები. ორგანიზატორები უამრავ სიურპრიზს გვპირდებიან.
ნინო მურღულია