გალიდან გადმოსულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მამაკაცი, რომელიც ამჟამად ანაკლიის საკარანტინო ზონაშია მოთავსებული, საავადმყოფოში ცხელებით წუხელ შეიყვანეს. ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსულ პირს თანმხლები დაავადებაც აქვს.
გარდა ამისა, ზუგდიდში ინფიცირებული ნომერ პირველი პაციენტის ანალიზი COVID უარყოფითია. როგორც ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეგრელოს განყოფილების ხელმძღვანელმა, ანზორ ქობალიამ განუცხადა, იგზავნება განმეორებითი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში და იმ შემთხვევაში, თუ ისევ უარყოფითი იქნა, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. საუბარია 67 წლის მამაკაცზე თურქეთში მოგზაურობის ისტორიით, რომელსაც COVID-19 25 მარტს დაუდასტურდა.
გარდა ამისა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მამაკაცს, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, ცალმხრივი პნევმონია აქვს.
საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა დასტურდება, აქედან 3 შემთხვევა საქართველოს მოქალაქეებს დაუდასტურდათ საზღვარგარეთ და შემდეგ შემოვიდნენ ქვეყანაში
