თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო ორ დღეში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან, ანუ იმპორტირებული შემთხვევებია.
„მინდა, გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო. გუშინაც ერთი იყო და დღესაც ერთი ახალი შემთხვევაა. სულ ჯამში არის 810 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელების ციფრიც გაიზარდა. გუშინ 11 იყო, დღეს ცხრა, ორ დღეში ჯამში 20 გამოჯანმრთელებული გვყავს, სულ კი არის 683 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეისთვის კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 114 პაციენტი მკურნალობს. დადასტურებული შემთხვევები საკარანტინო სივრციდანაა, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევებია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექცურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტიდან ექვსი ჩვენი ცენტრიდანაა, რომლებიც დღის განმავლობაში ჩვენს ცენტრს დატოვებენ. გრძელდება გამოჯანმრთელების მონიტორინგი, ვნახოთ, ხვალ რა მონაცემები გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად ერთი მძიმე პაციენტია.
„ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომლის დაავადება შემოსვლის დღიდან პროგრესირებს. ამ ეტაპზე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, მძიმე პნევმონიით, მაგრამ იმედია, რომ ეს პროგრესირება შეჩერდება და პაციენტი მკურნალობას დაემორჩილება. წესით გამოსავალი კარგი უნდა იყოს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად არ ფასდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
