„გაქვთ 2 გზა: რუსეთის გაძევება ან ორგანიზაციის გაუქმება – თუ საუბრის გარდა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა არ გრჩებათ“, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გაეროში გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთი ვეტოს სიკვდილის ნებართვად იყენებს და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას ძირს უთხრის, რაც საშუალებას აძლევს ბოროტებას, დარჩეს დაუსჯელი და მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.
„მთავარია გაეროს სისტემის გარდაქმნა და მე კონფერენციის ჩატარებას გთავაზობთ კიევში, რათა განვიხილოთ თუ როგორ უნდა შეიცვალოს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა და როგორ შეიძლება საერთაშორისო სამართლის განმტკიცება. გარდა ამისა, კონფერენციაზე იმაზეც ვისაუბრებთ, როგორი გარანტიები უნდა იყოს ქვეყნების საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით და როგორ გავაძლიეროთ საერთაშორისო სამართალი.
თუ არ იცით გადაწყვეტილება როგორ მიიღოთ, თქვენ გაქვთ 2 გზა – გააძევეთ რუსეთი, როგორც ომის წყარო, რათა რუსეთმა საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დაბლოკვა ვერ შეძლოს, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. მეორე ვარიანტი გახლავთ საკუთარი ორგანიზაციის გაუქმება. თუ საუბრის გარდა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა არ გრჩებათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
