შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.
„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1994 წელს დაბადებულ ჯ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.