ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია დაიწყო გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. ბანკი, კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილ და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს.
ხათუნა ჭელიძე, ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
– ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება რამდენიმე წელია, რაც დინამიკურად ვითარდება, მან არაერთ დამწყებ და მოქმედ ბიზნესს მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა. ეს ახალი კამპანია ერთგვარი გაგრძელებაა იმ წინა კამპანიებისა, რომელთა ფარგლებშიც ჩვენთან ერთად ძალიან ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები. ამიერიდან მათ კიდევ უფრო ეფექტურ ფინანსურ მხარდაჭერას გავუწევთ. თუმცა ამაში არ იგულისხმება მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი ოდენობის სესხის გაცემა, ლიბერთი მათ სხვადასხვა ტიპის საოპერაციო მომსახურებასაც შესთავაზებს, იქნება ეს გაანგარიშიანება, გადარიცხვები, გზავნილების მიღება-გაგზავნა, ელექტრონული კომერციით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის ციფრული ტექნოლოგია და ა.შ. ამ ახალი კამპანიით ადამიანებს გვინდა ვუბიძგოთ, რომ საკუთარი პატარა მეურნეობა ან ბიზნესი, საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით, საყვარელ საქმედ აქციონ.

– მეწარმეობის წახალისებას თქვენ ახალგაზრდებშიც ცდილობთ. ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“.
– ეს იყო მართლაც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მუდამ ჩვენი მომხმარებლების გვერდით ვართ. ეს პროექტი 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა Mercy Corps-ის და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) მხარდაჭერით. პროექტმა საქართველოს 4 რეგიონი მოიცვა და მასში 18-35 წლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ამ ახალგაზრდა მეწარმეებს საკუთარი იდეები უნდა წარმოედგინათ და გრანტით საუკეთესო ჯილდოვდებოდა. ფონდი არ იყო პატარა – 1 მილიონ 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ამ მცირე მეწარმეების დასაფინანსებლად. საბოლოოდ, 61 ბენეფიციარი დაჯილდოვდა, თავად პროექტში კი 2000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. რაც შეეხება ჩვენს როლს ამ პროექტში, ლიბერთი ბანკისთვის უმნიშვნელოვანესია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური წიგნიერების ამაღლებას ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებშიც და ზოგადად, საზოგადოებაში. აღნიშნულ პროექტში სწორედ ამ კუთხით ჩავერთეთ – დავწერეთ სპეციალური სატრენინგო მოდული, რომლითაც ჯერ თავად Mercy Corps-ის ტრენერები, შემდეგ კი პროექტის ბენეფიციარები გადავამზადეთ. გვიხარია, რომ ამ პროექტის წყალობით ახალგაზრდებმა საბაზისო დონეზე იციან იმ ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, რომლებიც საკუთარი საქმიანობის ფარგლებში შეიძლება დასჭირდეთ საბანკო სექტორისგან. პროექტს საკმაოდ კარგი რეზონანსი ჰქონდა, კმაყოფილი იყო ყველა მონაწილე და ვიმედოვნებთ, რომ ის გაგრძელდება.

– აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ჯილდოც, რომელიც Global Finance-ისგან ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით გადმოგეცათ, რადგან სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით შეუძლია დღეს საფინანსო ინსტიტუციას სწორად და ეფექტურად იყოს მორგებული მომხმარებლების საჭიროებებს.
– ჯილდოს მიღება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, როგორიცაა Global Finance-ია, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. აქვე აღვნიშნავ, რომ ლიბერთი, ჯამში, 7 სხვადასხვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბანკში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან ძლიერი გუნდი მუშაობს. და მართალს ბრძანებთ, არ შეიძლება ჩამორჩე ტენდენციებს ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით. ზუსტად საოპერაციო პროდუქტები და ციფრული ტექნოლოგიებია დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დროსა და მოქნილობას განსაკუთრებული ფასი აქვს. ეს ტექნოლოგიები მათ ეხმარება, რომ თუნდაც ბანკში მიუსვლელად, წამებში, სხვადასხვა ოპერაცია შეასრულონ.
– როგორ აპირებთ სამომავლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაფართოებას და ინოვაციური პროდუქტების განვითარებას?
– ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების საჭიროების შესწავლა, მათთან ახლოს ყოფნა. ყველა პროდუქტი, ყველა სერვისი, რაც კი გვაქვს ბანკში, მომხმარებელზეა მორგებული. იგივეს გავაგრძელებთ მომავალშიც. ვეცდებით, არ ჩამოვრჩეთ არანაირ ტრენდს, ყოველთვის გავითვალისწინოთ მომხმარებლების სურვილები. აქვე მოგახსენებთ იმ რამდენიმე სიახლის შესახებ, რაც უკვე ჩაუშვა ლიბერთი ბანკმა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქეშ-ინ ბანკომატები, რომელთა ქსელს ყოველდღიურად ვაფართოებთ და რომელთა მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებელს უკვე შეუძლია 300 000 ლარამდე თანხის როგორც შეტანა, ისე გამოტანა წამებში ისე, რომ ბანკის ოპერატორთან მისვლა არ დასჭირდეს. ასევე დიდი ხანი არ არის, რაც ჩავუშვით ბიზნეს მობაილ ბანკი იურიდიული პირებისთვის. მომავალში, განსაკუთრებით ახალი კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს ვპირდებით ბევრი ახალი, მოქნილი და კონკურენტუნარიანი პროდუქტის შეთავაზებას, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ, კიდევ უფრო გააფართოონ ის საქმე, რომელსაც სიყვარულით აკეთებენ, მეტი შემოსავალი მიიღონ და შემდეგ ეს შემოსავლები მიმართონ როგორც ბიზნესში, აგრომეურნეობაში, ისე ნებისმიერი პირადი მიზნის განსახორციელებლად. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათ გვერდით.