გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში დაახლოებით 1 800 მუსიკოსმა უნიკალური მუსიკალური მარათონი გამართა და 72 საათის განმავლობაში ყოველგვარი შესვენების გარეშე დაუკრა. ღონისძიების მიზანი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი ტრომბონისტთა კონცერტის რეკორდის დამყარება იყო.
მარათონში 140-ზე მეტი მუსიკალური კოლექტივი მონაწილეობდა. იმისთვის, რომ მუსიკა არც ერთი წამით არ შეწყვეტილიყო, სამი ანსამბლი მონაცვლეობით უკრავდა 90 წუთიან სესიებს, ხოლო ჯგუფების შეცვლას მხოლოდ რამდენიმე წამი ეთმობოდა. ეს პროცესი 72 საათის განმავლობაში 48-ჯერ განმეორდა.

ღონისძიება ნიურნბერგის წმინდა იაკობის ეკლესიაში გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, მსოფლიო რეკორდზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი ტრომბონისტთა გუნდების პოპულარიზაცია და ახალი თაობის მუსიკოსების მოზიდვა იყო. კონცერტის მოსმენა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო, ხოლო რეპერტუარი საეკლესიო მუსიკიდან თანამედროვე პოპ-ნაწარმოებებამდე მერყეობდა.
რეკორდის ოფიციალური დადასტურებისთვის ორგანიზატორებმა ღონისძიების სრული მიმდინარეობა ფოტოებით, ვიდეოებითა და მონაწილეთა ხელმოწერებით დააფიქსირეს. მასალებს გერმანიის რეკორდების ინსტიტუტი შეამოწმებს, თუმცა 72 საათიანი უწყვეტი კონცერტი უკვე მნიშვნელოვნად აღემატება წინა, 24 საათიან შედეგს, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა.