ევროპამ მიიღო ახალი Exascale კლასის სუპერკომპიუტერი, რომელსაც წამში ერთ კვადრილიონამდე ოპერაციის შესრულება შეუძლია. მოწყობილობა დაეხმარება მეტეოროლოგებს, უფრო ზუსტად იწინასწარმეტყველონ წყალდიდობები და შტორმები, ხოლო ფიზიკოსებსა და მედიკოსებს – ჩაატარონ კვლევები, რომლებიც აქამდე მონაცემთა სიმცირის გამო შეუძლებელი იყო და შექმნან ახალი, უფრო ეფექტური წამლები.
ევროკავშირის ინფორმაციით, სუპერკომპიუტერს JUPITER ეწოდება. 
მისი გამოთვლითი სიმძლავრე დაახლოებით 10 მილიონი ჩვეულებრივი ლეპტოპის ტოლფასია. JUPITER-ის გამოჩენამდე მსოფლიოში მხოლოდ სამი ასეთი მასშტაბის სუპერ-კომპიუტერი არსებობდა.
მეცნიერთა თქმით, JUPITER-ის გამშვები ძალა ევროპულ მეცნიერებაში ნამდვილი რევოლუციის დასაწყისად იქცევა. მკვლევრებს შეეძლებათ კლიმატისა და ამინდის პროგნოზირება კილომეტრიან სიზუსტემდე, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის ზუსტად განისაზღვროს ექსტრემალური მოვლენები, როგორებიცაა წყალდიდობა, ქარიშხალი ან “სიცხის ტალღა”, რომელიც ხშირად ტყის ხანძრებს იწვევს.
გარდა სამეცნიერო მიზნებისა, JUPITER ასევე მომავალი თაობის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბაზა გახდება.
ამ უაღრესად მძლავრ სისტემას, განსხვავებით ტრადიციული მაღალი წარმადობის კომპიუტერებისგან, აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა – იგი სრულიად „მწვანეა“. სისტემა მუშაობს მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებზე, იყენებს თანამედროვე გაგრილების და ენერგიის ხელახლა გამოყენების ტექნოლოგიებს.
 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 