აფრთხე მუდმივი და მრავალმხრივია – მთელ მსოფლიოში ინტერესები ერთმანეთთან გადახლართულია და წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების, მათ შორის ირანის მხრიდან აზერბაიჯანისთვის დრონით თავდასხმასა და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ვიღაცის ინტერესში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი იყოს.
„საფრთხე მუდმივი და მრავალმხრივია. გვაიძულებენ, რომ ამ დაპირისპირებაში ჩავერთოთ. საქართველოს ოკუპაციის აგრესიულ სტადიაში გადაყვანის საფრთხე მუდმივად არსებობს. წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში მარტა კოსი ზეწოლას ახორციელებს და უნდა ვიფიქროთ, რომ ამის უკან სხვა გეგმაა, რომელიც გაცილებით უფრო ბნელ მიზნებს ემსახურება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს. საფრთხეა იმის, რომ ვიღაცის ინტერესში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი იყოს. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შეტევა ამ მილსადენზე იყო, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. თუ საჭირო იქნება, აზერბაიჯანი განცხადებას გააკეთებს. ირანსა და თურქეთს შორის საუბარია იმაზე, რომ ბუფერული ზონა შეიქმნას. თურქეთის ინტერესია, რომ დევნილების ნაკადი თურქეთში არ შევიდეს. თავისი ინტერესი აქვთ სხვა ქვეყნებსაც.
მთელ მსოფლიოში ინტერესები ერთმანეთთან გადახლართულია და წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე.
რატომ მიდის კონსულტაციები ერთმანეთთან? – საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. რაღაცებზე კონსულტაციები მიდის. ამ დროს მავნებლები გამოდიან, მედია რომ ჰქვიათ და ამბობენ, თურმე, კობახიძე ფაშინიანს ეხვეწება, რომ იქნებ, ამერიკელებთან ურთიერთობა დაგვილაგოო. მავნებლობის ეს ხარისხი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი დრონი, რომელიც ვარდება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
კითხვაზე, შექმნილ ვითარებაში რა არის საქართველოსთვის ოქროს შუალედი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „ოქროს შუალედია ის, რომ ყველა ძალამ, რომელიც ადრე თუ გვიან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, გადაწყვიტოს, რომ საქართველო საჭიროა თავისი მდებარეობით და რესურსით, რათა პლატფორმა იყოს რეგიონში მოლაპარაკებისთვის, დაპირისპირებული მხარეებისთვის.“.
„ამას გარდა, საგანგებოდ მნიშვნელოვანია „შუა დერეფანი”, რომელიც ყველასგან დაცული უნდა იყოს მიუხედავად იმისა, ერთმანეთში რა დამოკიდებულება აქვთ. ისეთი დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორც შვეიცარიის მიმართ იყო, როცა ნაცისტური გერმანია მთელ ევროპას ებრძოდა. ეს ოქროს შუალედი არსებობს. სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების ფონზე ამდენი მოღალატე გვყავს შიგნით”, – განაცხადა ვოლსკიმ.
