ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველომ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას.
„ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქისთვის, უაღრესად რთულია. ყველს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არ არის პრაგმატიზმი, ეს არის საქციელი, რომელსაც არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება. კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩვენგანს ვუთხრა, რომ ჩვენ დღეს უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იმ ადამიანების ხსოვნა, მათი სახელები, რომლებმაც აქ თავი დადეს და სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის. მარტო პრაგმატიზმი არსად არ მიგვიყვანს, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ გვახსოვდეს მათი სახელები.
საქართველოს მთავრობა, თითოეული ქართველი მოქალაქე მორალურად, ყოველთვის, იქ, სადაც შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გონიერება მდგომარეობს და უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა. ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის თვითგადარჩენის პოლიტიკა, რომელიც განპირობებულია და რომელსაც განსაზღვრავს ერთი რამ – ძალაუფლების შენარჩუნება, არც ხალხზე არც ქვეყანაზე არც თავისუფლებაზე და არც ღირსებაზე ფიქრი“, – განაცხადა გახარიამ.