„საქმე გვაქვს აბსოლუტურად დისფუნქციურ სახელმწიფო ინსტიტუტებთან. მოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებთან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რაჟდენმა ეს გადაწყვეტილება, რომ „გამჭვირვალობისთვის“ და კიდე სხვა ორგანიზაციებისთვის საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტების სტატუსი მიენიჭებინა, თვითონ მიიღო? რა თქმა უნდა, თვითონ არ გადაუწყვეტს, მან ეს დავალება მიიღო“ – განაცხადა რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ.
პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი გადაცემაში “დღის თემა” პრემიერის მიმართვის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაუქმებულ ბრძანებას გამოეხმაურა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„მან ეს დავალება მიიღო, ეს დავალება შეასრულა და შემდგომ უფრო მეტიც, ამ შესრულებულმა დავალებამ, რომელმაც გამოაცხადა ეს ორგანიზაციები საარჩევნო მიზნების მატარებელ სუბიექტებად, გასაჩივრების სახით სასამართლო ინსტანციები გაიარა. შემდგომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო შეცდომა და ფაქტობრივად ღიად, სახელმწიფო ინსტიტუტს, როგორიც არის ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის დამოუკიდებლობაშიც გვარწმუნებდნენ ამდენი ხანი, პრემიერმა მისცა უკანონო დავალება და ეს დავალება შეასრულა. რატომ მოხდა ასე? ერთადერთი მიზეზის გამო, პირველი დავალებაც უკანონო იყო, როდესაც რაჟდენ კუპრაშვილს დაავალეს რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. უბრალოდ რას უზამენ სასამართლო გადაწყვეტილებებს ეს ძალიან მაინტერესებს. საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში რა არის? ამ ადამიანებს არ ესმით როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო ორგანიზმი და სახელმწიფო ინსტიტუტები. მსგავსი პოლიტიკური და მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხს ასე წყვეტენ, რიგითი ადამიანი რომ მივიდეს ანტიკორუფციულში და მოითხოვოს თავისი ინტერესების დაცვა, რომელიმე ჩინოვნიკის წინააღმდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად უუფლებო იქნება ეს ადამიანი? საერთოდ ყურადღებასაც არ მიაქცევენ. სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან არის დაცლილი ეს ხალხი სამწუხაროდ და ისინი ერთადერთი რასაც ახლა ცდილობენ, როგორმე იქნებ ძალაუფლება შეინარჩუნონ და მოპარული ფული სადმე გადამალონ და მანდაც პრობლემები აქვთ. საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციეს ქვეყანა, სამწუხაროდ. საზღვარგარეთ ბანკებში უკვე ანგარიშებს აცარიელებენ, ქეშად მუთაქებში გადააქვთ ფული. მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 24 დღეა დარჩენილი და ჩვენ ქვეყანაც უნდა გადავარჩინოთ და ამ ხალხსაც უნდა ვუშველოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.
გიორგი გახარია: „სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება“ ძალიან დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა პრემიერი მოწოდება, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე,“ რომლითაც ორგანიზაცია და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო.
„არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ, გამოვიყენო დისკრეცია და “გამჭვირვალობა-საქართველოს” და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა. ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა.