LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღების დროს?“

1802
page

შეიძლება თუ არა საკვების მიღებისას წყლის დალევა, უშლის თუ არა წყალი ხელს საჭმლის მონელებას, იწვევს თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა გასუქებას ან სხვა სამედიცინო პრობლემებს? – თემაზე „ფეისბუქ-ლაივში“ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა.

შეიძლება თუ არა საკვების მიღებისას წყლის დალევა? გააჩნია ვისთვის და როდის. საკვებს კუჭში მოხვედრისას იქ ხვდება მარილმჟავა, რომელიც ერთი მხრივ, მასში არსებულ მავნე ნივთიერებებს, განსაკუთრებით მიკროორგანიზმებს ანადგურებს და მეორემხრივ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ფერმენტ პეპსინისათვის, რათა მან სათანადოდ შეასრულოს თავისი ფუნქცია და ცილოვანი საკვები დაშალოს. კუჭში საჭმლის მონელების პროცესი საშუალოდ 4 საათი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მარილმჟავისა და პეპსინის საშუალებით ხდება მონელება და ცილების დაშლა უფრო მარტივ ნივთიერებებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ საკვების მიღების დროს წყალს ჯანმრთელი ადამიანი დალევს, რომელიც არ იღებს არანაირ მედიკამენტებს, ბევრი არც არაფერი შეიცვლება. წყალი მარილმჟავას მართლაც განაზავებს, მაგრამ მაშინ, თუ სითხეები სინჯარებში ასხია და შემდეგ შევურევთ ერთმანეთს. კუჭი კი სინჯარა არ არის. მას გააჩნია საიმისო მექანიზმი, რომ მარილმჟავას ბალანსი შეინარჩუნოს მაშინაც კი, როცა წყალს ვსვამთ. როგორც კი წყალი კუჭში აღმოჩნდება, ანტრუმში, თორმეტგოჯა ნაწლავთან ახლოს მდებარე ე.წ.“ჯი“ უჯრედები, რომლებიც კუჭის მჟავიანობაზე არის პასუხისმგებელი, მყისიერად რეაგირებენ და გამოიმუშავებენ გასტრინს, რომელიც სისხლში ხვდება და აღწევს კუჭის პარიესულ უჯრედებამდე. შედეგად, პარიესული უჯრედები გამოყოფენ მარილმჟავას და კუჭში ბალანსის აღდგენა ხდება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ჭიქა წყალი არაფერს ავნებს ჯანსაღ კუჭს და არც მის მჟავიანობას შეცვლის, თუნდაც იგი ჭამის დროს მივიღოთ.

აღსანიშნავია, რომ ჭამამდე წყლის მიღება წონაში კლებასაც უწყობს ხელს. ეს დადგინდა პატარა, 12 კვირიანი კვლევით. საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანი საკვების მიღებამდე სვამს წყალს, იგი კუჭში ადგილს დაიკავებს, გარდა ამისა შედარებით დააქვეითებს შიმშილის შეგრძნებასაც. შედეგად, ბევრს აღარ შეჭამთ, რადგან  საკვებზე ნაკლები მოთხოვნილება გექნებათ. წყლის მიღება ხელს უშლის შეკრულობასაც, რადგან თუ წყალი ორგანიზმში საკმაო რაოდენობით არაა, მისი შეწოვა ნაწლავიდანაც ხდება, რაც იწვევს გაუწყოლოებას.

ცხადია, საკვების მიღების პერიოდში წყლის მიღება ყველასთვის არ არის რეკომენდებული. მაგალითად, იმ ადამიანებისთვის ვისაც დაქვეითებული აქვს მჟავიანობა, აქვს ატროფირებული ან ჰიპოაციდური გასტრიტი… ასეთ დროს კუჭი ისედაც ვერ ახერხებს კარგად მჟავიანობას შენარჩუნებას და ცხადია, სასურველი არ არის ამ პროცესში წყალიც ჩაერთოს. სასურველი არაა წყლის მიღება კვებისას არც იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს გასტროეზოფაგური რეფლუქსი აწუხებს. თუ საკვებს წყალს დააყოლებთ, ეს საკვები მასის მოცულობის გაზრდას გამოიწვევს, შედეგად მარილმჟავა უფრო ადვილად ამოვა კუჭიდან უკან საყლაპავში და გულძმარვა შეგაწუხებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები