რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარიa ტელეწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც ახალი გადაცემისა და ახალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.
გიორგი, შენ მუდამ ყურადღების ცენტრში ხარ…
ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ასე გამოდის ხოლმე, თუმცა გამიზნულად არ ვაკეთებ ამას. ვწერ ვიდეოებს, ვსაუბრობ საინტერესო თემებზე და ეს მუდამ იწვევს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს შინაგანად არის ჩემში, თავისთავად გამოდის, პირდაპირი ვარ და მუდამ ასეთი ვიქნები.
გიორგი, შვილის შესახებ რაიმე სიახლე ხომ არ არის?
შვილის შემთხვევა ყველამ იცის, ახალი ამბავი არის ის, რომ აღმოვაჩინეთ ბავშვის ფოტოც. მსგავსება მართლაც თვალსაჩინოა. მე დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის ვცხოვრობ. ჩემთვის უცნობი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს. რაც შეეხება ოჯახს, ვერ ვიტყვი ვრცლად, პირადი არის პირადი, ისე კი გეტყვით, რომ ოჯახში არის მატება, ძაღლი მოვიყვანე, სახელად ბუბუ.

ცხოვრების რა ფაზაში და რა ეტაპზე ხარ?
ცხადია, არსებობს ცხოვრების აღმავალი და დაღმავალი ეტაპები, თუმცა ამ ეტაპზე ვარ სტაბილურად. მივხვდი, რომ მირჩევნია, მქონდეს პირადი სივრცე. მე არ ვარ, მაგალითად, „რუსთავი 2“-ში მომუშავე ადამიანების მსგავსად, რომლებიც ოღონდ კადრში გამოჩნდნენ. მე ვმუშაობ იმისთვის, რომ სამსახურმა მომიტანოს შემოსავალი.

გვესაუბრე შენს ახალ „იუთუბ“-გადაცემაზე, რომლის ანონსიც უკვე გავრცელდა…
ეს გადაცემა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიტრიალებდა თავში, იდეა სრულად ჩემია, როგორც მისი მიმართულება. წამყვანად ბევრს ვფიქრობდი, თიკო სადუნიშვილს, რუსკა მაყაშვილს, „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე პატრიკს, საბოლოოდ თამაზაზე შევჯერდი. თამაზა გადაცემას სრულად შეავსებს, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ფორმატი აკლია ქართულ ინტერნეტსივრცეს და ჩვენს მკვდარ შოუბიზნესს. გადაცემის სახელწოდება არის „სარკასტიკა“ და ჩვენ დავცინით ყველას და ყველაფერს. ფორმატი მარტივია, კვირის ამბებს განვიხილავთ მე და თამაზა, გვეყოლება სტუმრებიც. თამაზას იუმორი და ჩემი ცინიზმი ერთობლიობაში შექმნის სახალისო ტანდემს.

რას საქმიანობ სხვა კუთხით?
მე ვმუშაობ სხვადასხვა კერძო კომპანიასთან, ინფლუენსერიც ვარ. ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, ასევე ღონისძიებების წაყვანა, რეკლამის გაკეთება და ა.შ…
როგორ ხვდები ახალ წელს?
ახალ წელს მუდამ ვფიქრობ, რომ წინ მხოლოდ საუკეთესო მელოდება. მიყვარს ოჯახთან შეხვედრა. არ მიყვარს კლუბები, ბარები და რია-რია. ბოლო პერიოდში ტრადიცია მაქვს, ახალ წელს ვხვდები აქ და რამდენიმე საათში მივფრინავ ხოლმე სხვა ქვეყანაში. ახლაც ვფიქრობ, შეიძლება, ისევ ამსტერდამში წავიდე.