LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, დაგვეხმარეთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში“ – სააკაშვილის ოჯახი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

184
მიშას ოჯახი

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბა და საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

როგორც სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, 7 თვის განმავლობაში აქვთ ერთი მიზანი: „როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.“ მისივე თქმით, დღეს მისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან გუშინ ახალი დიაგნოზი გამოცხადდა.

„სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი იყო შესული და დაისვა ახალი დიაგნოზი. ჩვენი არ იყოს, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ჯგუფი ასევე არიან, თურმე ომის პარტიის წევრები, მაგრამ რას იზამ?! მე კიდევ რატომღაც სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე ადამიანი სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანია სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში, რადგან თვითონ ექიმების აზრია ასეთი, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს შესაფერისი კლინიკა, რომელსაც აქვს ეს გამოცდილება, რომ უმკურნალონ ასეთ დაავადებას, ამიტომ უნდა იყოს უსათუოდ გარეთ და ამის დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება შემდგომი გეგმა, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა და ახლა ელოდებიან როგორ განვითარდება პროცესები.

ექსპრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის თქმით კი, ალბათ საზოგადოებას ჯერ კიდევ გათვითცნობიერებული კარგად არ აქვს, რა რისკებთან და ზოგადად რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე.

„მე როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, პირველ რიგში, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ. ეს ცალსახაა. მე მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე – გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში.

მე მინდა ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც ჩვენ დიდი ხნის წინ უკვე მივიღეთ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ.“– აღნიშნა დავით სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.

მედიკოსების შეფასებით, სახეზეა „ცილოვანი შიმშილი“, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.

სააკაშვილისთვის პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.. ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი – ექიმი თენგიზ წულაძე

ფოტო: „მთავარი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g