„რა როლსაც თავის დროზე საქართველოში მეფისნაცვალი და ცეკას მეორე მდივანი ასრულებდნენ, იმაზე უარეს როლს ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ასრულებდა – ელჩებთან დაკავშირებით როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე ბევრი რამ შეიცვლება!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მაჭარაშვილი, ჟურნალისტებს საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ სტატუსს გამოეხმაურა.
„ხალხის ძალის“ წევრი ამბობს, რომ „ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ“.
„ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ელჩები არა დიპლომატის, არამედ უცხო ძალის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებენ. სამწუხაროდ, დიპლომატიაზე საუბარი აღარც იყო. ბევრმა ელჩმა საქართველოში დიპლომატის ფუნქცია დაკარგა.
ბევრი ელჩი პირველ ადამიანად გრძნობდა თავს, ხელისუფლებას პირდაპირ უთითებდა და იმის თავხედობა ჰყოფნიდა, რომ ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა!
შალვა პაპუაშვილი: „გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია – უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ – პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“
პაპუაშვილი წერს, რომ ბოლო დღეების მხილების შემდეგ, ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში.
გვაქვს იმედი იმისა, რომ დიპლომატია დიპლომატიას დაუბრუნდება და ელჩები დაკისრებულ დიპლომატიურ ფუნქციას შეასრულებენ, იქნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც დიპლომატიის განვითარებას, ასევე უსაფრთხოების შენარჩუნებას საქართველოში.
ელჩი იმიტომ იგზავნება, რომ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობები გააღრმაოს, დაალაგოს და არა იმისთვის, რომ მთავრობას უკარნახოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს. საქართველო რადიკალიზმის ასპარეზი ქვეყანა არ არის.
ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, აშშ-ს პრეზიდენტს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაინც დაუჯერონ, რომელიც ამბობს, რომ USAID-დან ფული იმაში იხარჯებოდა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ და სხვა ქვეყნებში რევოლუციები მოეწყოთ.
ამას ვამბობდით ჩვენ! ამას ამბობდა შალვა პაპუაშვილი, რომელიც შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა, რომ რევოლუციებისთვის თანხების გადმორიცხვა შეწყვეტილიყო. დიახ, USAID-დან მილიარდები იხარჯებოდა უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რევოლუციური სცენარების მოწყობისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით, ერთი-ერთში დამტკიცდა!
USAID-ის მხრიდან ფული ხელისუფლების უკანონო ცვლილებებისთვის, მეორე ფრონტისთვის, კაცების ქორწინების დაკანონებისთვის იხარჯებოდა, რაშიც მათ აგენტურას იყენებდნენ“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.