„იმ მანქანით ჩემი ოჯახი ღიად დადიოდა და მანქანის შესყიდვას ვაპირებდი“. – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
გვარამიას თქმით, მას ეს მანქანა განვადებით უნდა ეყიდა და ხელშეკრულებაში წერია, რომ მანქანა სრულად მის საკუთრებაში მაშინ გადავიდოდა, როცა განვადებას სრულად დაფარავდა.
„”პორშეს” ყბადაღებული ეპიზოდი სასაცილოა. ყველაზე მეტად სასაცილოა. საზოგადოებამ ხომ იცის, რომ ცოლს მანქანა ვათხოვე და… . სასაცილო ანეკდოტური ისტორიაა.
მე ეს მანქანა უნდა მეყიდა განვადებით. მეგობრებო, ნასყიდობის განვადების ხელშეკრულება არსებობს და ის ასევე ამბობს, რომ საკუთრებაში სრულად ჩემთან მარტო მაშინ გადმოდის, როცა სრულად დავფარავ.
ჩემი ოჯახი იმ მანქანით ღიად დადიოდა და ამ მანქანის შესყიდვას ვაპირებდი, მაგრამ 2 თვის მერე მივხვდი, რომ ამის შესაძლებლობა არ მაქვს და დავაბრუნე როგორც კონტრაქტში ეწერა. ეს კონტრაქტი არ გაუქმებულა, მოქმედია“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, პროკურატურა დღემდე ვერ გაერკვა ზურა იაშვილმა მას „ქრთამი“ მისცა, თუ პირიქით – მან მისცა ზურა იაშვილს „ქრთამი“.
„გულწრფელად გეტყვით, პროკურატურას მინდა ვუთხრა, „გაჩალიჩებულ“, ბოდიში, დანაშაულებებზეც კი უკეთესად შეიძლებოდა მომზადება“, – განაცხადა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.
ამავე თემაზე:
