“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დამატებით გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება, კონსტრუქციული ნაბიჯები არ არის. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პროტესტი დასანანია, თუმცა, მოქალაქეების მხრიდან პროტესტის გამოხატვას კანონმდებლობა არეგულირებს და ისინი ამას ნორმების დაცვით უნდა წარმართავდნენ.
თალაკვაძის შეფასებით, კანონმდებლობის ფარგლებში პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცული იყო და შესაბამისად, უპირველესი გამოსავალი მისი აზრით, დიალოგია.
,,თუ პროტესტის მონაწილეებს არ აქვთ ამის სურვილი, როგორც მინიმუმ ისინი პროტესტს კანონმდებლობის ნორმების დაცვით უნდა წარმართავდნენ.
თუ პროტესტი მიმართულია იქითკენ, რომ მიიღონ პასუხები კითხვებზე ან მიიღონ მეტი ინფორმაცია იმ პრეტენზიებზე, რომელიც წაყენებული იყო პროექტის მიმართ, ამის საშუალებად მე ვხედავ არგუმენტირებულ დისკუსიას, საუბარს. დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ბიუროს სხდომაზე დისკუსია კიდევ ერთხელ ღიად შესთავაზა “, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების განხილვა უნდა მოხდეს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესების და მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი ინტერესების საუკეთესო ბალანსის დაცვით.
როგორც ვიცე-სპიკერმა თქვა, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წინადადებები, პროტესტის დასაწყისშივე იყო გაკეთებული. თალაკვაძის შეფასებით, ღარიბაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა, რომ როგორც გარემოს ზიანთან, ასევე კონტრაქტთან დაკავშირებით მოხდებოდა დამატებითი შეფასებები და გამოცხადდებოდა მორატორიუმი.
“ეს პირობები მიუთითებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ იმთავითვე გახლდათ დიალოგი და ყოველ პროტესტს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით ეკიდება. მეორე მხრივ, როცა საუბარია რაიმე ტიპის მოთხოვნებზე, ულტიმატუმებზე, რომელიც დიალოგის პრინციპს ეწინააღმდეგება, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმატში, ამ ფორმით ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას მხოლოდ ზიანს აყენებს,” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერის აზრით, დამატებით გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება, მოქალაქეებს თბილისში ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის. “ვთვლი, რომ ეს არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები, მითუმეტეს, მაშინ, როცა ხელისუფლების მხრიდან დიალოგისთვის, სრული მზადყოფნა იყო და არის გამოთქმული,”- დასძინა თალაკვაძემ.