LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს: კუჭავა “ნამახვანჰესისი” აქციის მონაწილეებზე

99
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე მზადყოფნას გამოხატავს, თუ პროტესტის მონაწილეებს სურვილი ექნებათ, შეხვდეს “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს და მათთან კონსტრუქციული დიალოგი გამართოს.

დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა – გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავს.

კახა კუჭავა ამბობს, რომ დიალოგისთვის მისი კარი ყოველთვის ღიაა, თუმცა ის ფორმატი, რაც შესთავაზეს, კონსტრუქციულობის ჩარჩოში არ იყო. კუჭავას თქმით, თუ აქტივისტები ჩათვლიან, რომ ფორმატი, რომელსაც მათ შესთავაზებს, მისაღები იქნება,  ამ პროცესში მონაწილეობას დიდი სიამოვნებით გააგრძელებს:

“ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს, ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამეცნო და მომესმინა, ზოგადად, ისინი რამდენად ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოვება. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ის ფორმატი, რაც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ იყო კონსტრუქციულობის ჩარჩოში, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საკითხები განხილულ იქნას ასეულობით ადამიანთან, მითუმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, რომ მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის, „ფეისბუქზე“.

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს, ტელევიზიით, „ფეისბუქით“ თუ სოციალური ქსელებით.” – თქვა კუჭავამ.

შეგახსენებთ, მეორე დღეა თბილისში “ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა. გოლეთიანის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა შემდგომი ნაბიჯი პარლამენტისკენ მსვლელობა და საუბარი, აქციის მონაწილეებმა დადებითად უპასუხეს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები აქციას აანონსებენ და 4 ძირითად მოთხოვნაზე საუბრობენ:

➤  გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ენკა რინიუებლზს” შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს;

➤  გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

➤  გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

➤  თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს ამ ჩამონათვალს დაემატა, არის მორატორიუმის გამოცხადება მთელს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით, ასევე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ხელს აწერს.

mazda magti 5g