ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმიანება. მისი განცხადებით, „ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათლად დადასტურდა ის, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს“.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად ყველაფერი გააკეთა.
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან
„ამისთვის იუსტიციის სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან ერთად, გასწია ძალიან დიდი შრომა და მინდა, მივულოცო ყველას. კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენს გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წლის ომში, არ დაუშვიათ არცერთი შეცდომა და დაიცვეს ზედმიწევნით ყველა ის სამართლის ნორმა, რომელიც მოქმედებს ომის პერიოდში. დიდება მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ.
ჰააგამ წერტილი განცხადებებს კი არ დაუსვა, ჰააგამ წერტილი დაუსვა იმას და თქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ომში სიმართლე იყო ქართველი ხალხისა და ქართველი გმირების მხარეზე. საკმაოდ მძიმე ბრძოლები გაიარა იუსტიციის სამინისტრომ ამ სიმართლის დასამტკიცებლად სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში და იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ყველა სხვა კოლეგა უწყებასთან ერთად.
თქვენ იცით, მათ შორის, ოპონენტების ერთი ნაწილი რას აკეთებდა? მათ შორის, ოსური მხარის სარჩელები შეჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა იმ ქართველი გმირის ხსოვნა ყოფილიყო უკვდავყოფილი და ყველა იმ მებრძოლის, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა და რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, რომ ებრძოლა აგრესორის წინააღმდეგ, ყველა ამ ადამიანს დაუბრუნა სიმართლე. აი, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.