LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Horsetours – ქართველი ახალგაზრდების მიერ საცხენოსნო ტურიზმის განვითარებისთვის შექმნილი პლატფორმა

348
01

ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთერთმეტე რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

პროგრამის გამარჯვებულ ოც სტარტაპს შორისაა Horsetours – საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საკუთარი სერვისის გაციფრულების, მომხმარებელს კი ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიანი პლატფორმის გამოყენების საშუალებას აძლევს.

ლაშა გაგოიძე, Horsetours-ის თანადამფუძნებელი:

– უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ ცხენოსნობა ის საქმეა, რომელიც დიდ ბედნიერებას გვანიჭებს და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ჰობი და გატაცება ბიზნესად ვაქციეთ.

2007 წელს ხევსურეთი-თუშეთის მარშრუტზე პირველად ვიყავი ადგილობრივი გიდის დამხმარედ რვადღიან ტურში. ჩემს მოვალეობაში ცხენების დაბმა და შესაკაზმად მომზადება შედიოდა. მას შემდეგ როგორც ადგილობრივი გამყოლი ყოველწლიურად ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიასთან. დროთა განმავლობაში, ცხენოსნობასთან ერთად, ინგლისური ენა და ტურიზმის მენეჯმენტიც შევისწავლე. 2021 წელს გერმანელ და შვეიცარიელ ცხენოსნებთან ერთად კახეთიდან სვანეთამდე 1000 კილომეტრიანი მარშრუტის გავლის საშუალება მომეცა, რა დროსაც დამებადა იდეა, შეგვექმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებით იმუშავებდა.

– თქვენი გუნდი რომ გაგვაცნოთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც იდეამ გაგაერთიანათ, როგორ ჩამოყალიბდით სტარტაპად?

– მე და ანა ნადირაძე ერთად ვსწავლობდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) მაგისტრატურაზე. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიის გამო სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, საშუალება გვქონდა ერთმანეთისთვის ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. ვიცოდი რა, რომ ცხენები ანას გატაცებაც იყო და ვხედავდი, რომ მას ის უნარები აქვს, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბიზნესის ეფექტურად წარმართვისათვის, ანას იდეა გავაცანი და პარტნიორობა შევთავაზე, რაზედაც, როგორც საინტერესო მოგზაურობის დასაწყისზე, მაშინვე დამთანხმდა.

იდეის დამუშავების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ მას იმაზე დიდი პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა. მომხმარებლის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ტურის მიმართ დიდმა ინტერესმა ჩვენი მცირე ბიზნესის გაფართოებისკენ და სხვა საცხენოსნო გიდებთან და რანჩოებთან, რომლებსაც საკუთარი ბიზნესები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაციფრულებული, თანამშრომლობისკენ გვიბიძგა. ასე გადავიქეცით სტანდარტული ტურისტული კომპანიიდან სტარტაპად, რომელსაც გლობალურ ბაზარზე გასვლის დიდი პოტენციალი აქვს.

– დეტალურად რომ მოგვიყვეთ Horsetours-ის არსისა და მისი ფუნქციონალის შესახებ.

– ჩვენი მარტივად გამოსაყენებელი ვებგვერდის მომხმარებლები ძირითადად ამერიკელი და ევროპელი ტურისტები არიან, ისინი, ვინც მოგზაურობენ ან აპირებენ საქართველოში მოგზაურობას. ცხადია, ქართველი მომხმარებლებიც გვყავს, მაგრამ მათ უფრო საათობრივი ტურები აინტერესებთ.

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს საცხენოსნო ტურებს საქართველოს მასშტაბით და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში მოძებნონ, შეარჩიონ და ონლაინ შეიძინონ სასურველი თავგადასავალი. გადახდა შესაძლებელია მრავალფეროვანი მეთოდით, მათ შორის, კრიპტოვალუტით, PayPal-ითა და სხვადასხვა ბანკის განვადებით. ჩვენი მიზანია მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს One-stop პლატფორმის შეთავაზებით.

ამჟამად 25 ტური გვაქვს, როგორც საათობრივი, ასევე, ერთდღიანი და მრავალდღიანი. საცხენოსნო ტურები გვაქვს ყველგან, თითქმის სრულად გვაქვს ათვისებული აღმოსავლეთ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალი. მომავალ წელს საცხენოსნო ტურების სხვა ქვეყნებში დამატებას ვაპირებთ.

– რამდენად მარტივია თქვენთვის კონტენტის შექმნა, ვგულისხმობ, რამდენადაა საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში დღეს იმდენად განვითარებული, რომ ადვილად მოიძიოთ პირები სათანამშრომლოდ?

– საქართველოში საცხენოსნო ტურიზმი ჯერ კიდევ ვითარდება, ჯერ კიდევ დასახვეწია სერვისი და უსაფრთხოების სტანდარტები. ცალკეულ გიდებს უკვე აქვთ საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, უნაგირები მოუწესრიგებელია და საცხენოსნო ჩაფხუტებიც კი არ აქვთ, შესაბამისად, რთულია კვალიფიციური და სერტიფიცირებული გიდების მოძებნა, ისეთების, რომლებსაც მომხმარებელს ვანდობთ და დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ტური გაუთვალისწინებელი ექსცესების გარეშე ჩაივლის.

დღეს საცხენოსნო ტურიზმი ყველაზე მეტად აღმოსავლეთ საქართველოშია განვითარებული, ტურების უმეტესობაც სწორედ ამ რეგიონში გვაქვს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დასავლეთ საქართველოშიც გვყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საცხენოსნო ტურების ფასები დასავლეთ საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების დონე შედარებით დაბალია. ეს იმითაა განპირობებული, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში საცხენოსნო ტურიზმით ცოტა ადამიანია  დაკავებული.

სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად ინტერესდება საცხენოსნო ტურებით, გარდა იმისა, რომ ფასი სხვა ტურისტულ სერვისებთან შედარებით მაღალია, ამ კუთხით ცნობიერებაც დაბალია და ჰგონიათ, რომ ტურზე წასვლას ცხენოსნობის გამოცდილება სჭირდება. ეს ასე არ არის, ჩვენი ტურებით სარგებლობა სრულიად გამოუცდელ ადამიანსაც შეუძლია.

– საგრანტო კონკურსში მონაწილეობამდე როგორ აფასებდით თქვენს შანსებს და რა ეტაპები გაიარეთ გამარჯვებამდე?

– ვინაიდან თავს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება მივეცით, ალბათ, ვგრძნობდით, რომ გამარჯვების შანსი გვქონდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკურსში მეოთხედ მივიღეთ მონაწილეობა. წინა შეცდომებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ფინალურ ეტაპზე გადასვლაში დაგვეხმარა.

აღნიშნულ საგრანტო კონკურსში 500-ზე მეტი განაცხადი შევიდა, საიდანაც 150 იდეა შეირჩა. თითოეულს ბიზნეს გეგმის მომზადება დაგვევალა. ფინალურ ეტაპზე 50 საუკეთესო ბიზნეს გეგმის მქონე სტარტაპი მოხვდა, საბოლოოდ კი, დაფინანსების მოპოვება მხოლოდ ოცმა შეძლო.

– ამჟამად განვითარების რა ეტაპზეა თქვენი პლატფორმა, როგორ გამოიყენებთ მოპოვებულ თანხას და როგორ ხედავთ სტარტაპის მომავალს?

– ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში ვოპერირებთ და ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალი სრულად ავითვისოთ. მოპოვებული თანხით ჩვენს პლატფორმას ტექნიკურად ისე მოვამზადებთ და გარდავქმნით, რომ მზად იყოს უცხოურ ბაზრებზე შესასვლელად. რა თქმა უნდა, ტექნიკური მხარის გაუმჯობესება კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილებს, მივწვდეთ ყველა საცხენოსნო გიდსა თუ რანჩოს საქართველოშიც. ჩვენი სამომავლო ხედვები გლობალურ ბაზართანაა დაკავშირებული – ყველა იმ ქვეყანაში შესვლა გვსურს, სადაც საცხენოსნო ტურიზმი განვითარებულია, რათა შევქმნათ უწყვეტი პლატფორმა, სადაც მომხმარებელს საცხენოსნო ტურებით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლება.

– იმ რისკზებზეც მინდა გკითხოთ, რომლებიც ამ საქმის განვითარებას შეიძლება ახლდეს და ასევე, რამდენად შემოსავლიან საქმედ გესახებათ ის?

– ჩვენს საქმიანობაში რისკის ფაქტორი მხოლოდ ადამიანური რესურსი შეიძლება იყოს, ვინაიდან თითოეული ქმედება ადამიანზეა დამოკიდებული და არავითარ შემთხვევაში ცხენზე, ცხენზე სრული პასუხისმგებლობა გიდს ეკისრება. რაც შეეხება შემოსავალს, ჩვენი კომპანიის შემოსავლები წინა წელთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ ამ საქმეს განვითარების ძალიან კარგი პოტენციალი აქვს.

magti 5g