ინტერნეტში Volkswagen-ის სამი ახალი მოდელის ინტერიერის ამსახველი ფოტოები გამოჩნდა. როგორც ჩანს, გერმანული ფირმა ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებას სამომავლო მოდელების შესახებ, ამ ეტაპზე არ აპირებდა, თუმცა ნიდერლანდური გამოცემა Autoblog ფოტოების ავთენტურობაზე საუბრობს.
ახალი ჰეჩბექი – Golf-ი, სედანი – Passat CC და ახალი თაობის ქროსოვერი Teramont-ი სწორედ ის სამი მოდელია, რომელზეც აღნიშნულ სტატიაშია საუბარი.
ფოტოების მიხედვით, Golf-ის განახლებული სალონი შეცვლილი ფორმებით არაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალ ავტომობილში სპეციალური 12.8 დიუმიანი მულტიმედიური სენსორული დისფლეი და მართვის ახალი სისტემა ჩააშენა, რომელიც პროტოტიპში Golf R Touch-ში იყო წარმოდგენილი.
ოთხკარიანი კუპე Passat CC-ს სალონი შესრულებულია სტანდარტულად Passat-ის სტილისტიკით. მოდელი მიიღებს ახალ, გაძლიერებულ სავენტილაციო სისტემას.
რაც შეეხება ქროსოვერს – Teramont-ი გაფორმებული იქნება Tiguan-ის მეორე თაობის მსგავსი ინტერიერით. ასევე, მოდელისთვის თავსებადი იქნება ციფრული პანელი და გაუმჯობესებული მართვითი სისტემა.