2016 წლის 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა, სახელწოდებით „მოკალი ბუდა!” გაიხსნება. გამოფენა გაიმართება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ,,არტისტერიუმი 9″-ს ფარგლებში.
2016 წლის არტისტერიუმის თემაა ,,მოკალი ბუდა!”. ის წარმოადგენს ტრადიციის, რიტუალისა და სტერეოტიპების ავტორიტეტთან და ძალაუფლებასთან დამოკიდებულების კვლევას. პროექტი წარმოაჩენს იმ წინააღმდეგობრივ პროცესებს, რომლებიც პროვოცირებენ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის მუდმივ კონფლიქტსა და დაძაბულობას.
„არტისტერიუმი” თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. 2016 წლის, რიგით მეცხრე არტისტერიუმი, ჩატარდებათბილისში, 4-14 ნოემბერს.
„არტისტერიუმი” დაფუძნდა და პირველად ჩატარდა 2008 წლის ნოემბერში. სახელწოდება “არტისტერიუმი” იმეორებს თბილისში გასული საუკუნის 10-იან წლებში არსებულ იმავე სახელწოდების არტ-კლუბის სახელს, რომელიც ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებითა და დისკუსიებით.
მე-9 არტისტერიუმს მასპინძლობს: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა” და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; გალერეა ,,კონტეინერი”; გალა გალერეა და არტარეას საგამოფენო დარბაზი.
2016 წლის არტისტერიუმში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფნარგეთი, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სამხრეთ კორეა.
ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი”. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.
გამოფენა „მოკალი ბუდა!” 2016 წლის 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.
