ცნობილმა ტაივანურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Foxconn-მა, რომელიც iPhone-ის წარმოებით არის ცნობილი, შესაძლოა საკუთარი ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. საუბარია იაპონიის ქალაქ კანაგავაში მდებარე Nissan-ის Oppama-ს ქარხანაზე, რამაც საწარმო შესაძლოა დახურვას გადაარჩინოს.
Oppama-ს ქარხანა, რომელიც 1961 წელს გაიხსნა, მრავალი წლის განმავლობაში Nissan-ის „დედა-ქარხნად“ ითვლებოდა. იქ 2010 წელს დაიწყო პოპულარული ელექტრომობილის — Nissan Leaf-ის — მასობრივი წარმოება, ასევე გამოდიოდა Note და Note Aura. თუმცა ახლა ქარხანა შესაძლოა რესტრუქტურიზაციის გეგმაში მოხვდეს, ეს გეგმა კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ივან ესპინოზამ წარადგინა. გეგმის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქარხანა უნდა დაიხუროს და პერსონალის 15% უნდა შემცირდეს.
Foxconn, რომელიც უკვე წლებია გეგმავს საკუთარი ელექტრომობილების ხაზის განვითარებას, საჭიროებს წარმოების სიმძლავრეებს და Oppama-ს ქარხანა შესაძლოა მისთვის იდეალური ვარიანტი გახდეს. წყაროს ცნობით, შეთანხმების შემთხვევაში სამუშაო ადგილების რაოდენობა – 3900-მდე – შენარჩუნდება.
Nissan-მა სიახლე არც დაადასტურა და არც უარყო.
Foxconn-ის ავტო ამბიციები პირველად 2022 წელს გახდა ცნობილი. კომპანია განიხილავდა Nissan-ის სრული შეძენის შესაძლებლობასაც, თუმცა ოფიციალურად ეს არასდროს დაუდასტურებია.
Nissan კი ამჟამად ფინანსურ კრიზისს ებრძვის, კრედიტორებისგან ვადების გაზრდას ითხოვს და აზუსტებს, რომ გარეშე ინვესტიციების გარეშე კომპანიის გადარჩენა პრობლემატური გახდება.