აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ირანელი ტუროპერატორების ინფოტურს მასპინძლობს. 11 მსხვილი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი რეგიონს სამი დღით სტუმრობს.
დღეს, ისინი სასტუმრო ინტურისტში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პირისპირ (ე.წ. B2B) შეხვედრების დაწყებამდე ირანელმა სტუმრებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებ მომზადებული პრეზენტაციაც მოისმინეს.
როგორც “ფორტუნას” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, დღესვე, ინფოტურის მონაწილეები ბათუმში არსებულ სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. ისინი ასევე მოინახულებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და მაღალმთიან აჭარას.
ირანელი ტუროპერატორები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია Turkish Airlines ორგანიზებით სტუმრობენ.
მიმდინარე წელს, ირანი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც ტურისტული პროდუქტების რეკლამირება გაზაფხულიდან იგეგმება. გასულ წელს, რეგიონის მიმართ დიდი იყო ირანელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობაც. 2016 წელს, აჭარას 24 695 ირანელი ტურისტი სტუმრობდა.