LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ბიჭი, მეხმა რომ ჩამოაცილა, კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც“ – მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია

435
არჩილ ბადრიაშვილი

გავრცელებული ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ბადრიაშვილის დაღუპვის შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.

არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ დაუდასტურა მისმა მეგობარმა ნანიკო გრიგალაშვილმაც.

როგორც ნანიკო გრიგალაშვილმა „ფორტუნას“ უთხრა, ოჯახის წევრები და მეგობრები არჩილ ბადრიაშვილის გადასვენებას ელოდებიან, თუმცა ეს უამინდობის გამო ვერ ხერხდება.

არსებული ცნობით, შემთხვევა 10 აგვისტოს მოხდა – მწვერ­ვა­ლი­დან დაშ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ამინდი მოულოდნელად გაუარესდა და ალპინისტთან ახლოს მეხი და­ე­ცა, რამაც არ­ჩი­ლ ბადრიაშვილი კლდი­დან გა­და­აგ­დო.

მწვერვალ შხელდაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

არჩილ ბადრიაშვილის შესახებ წერს მწერალი გიორგი კეკელიძე:

„ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს. ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა – კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც.

მე სულ ვფიქრობ, რომ მთამსვლელები რაღაცით სჯობიან დანარჩენ ადამიანებს და მით უფრო სჯობიან ამ ფარატინა დროში, სტერილური ხალხის დროში, ფურცლის და დეკლარაციის. სულ ვფიქრობ, რომ მთების დაპყრობით, თითქოს იმას გაურბიან, რასაც ქვემოთ ტოვებენ.

თიკანაძეს რომ პალო მოუწყდა, მაშინ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი და ეს ლექსი იშვითია იმ დროში, გალაკტიონს რომ გაექცა და ცალკე დგას:

,,გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი ერთადერთი ჩაუბია –

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..”

ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება. სხვანაირად არ გამოვა. ცას მისი ვალი აქვს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს. ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა – კარგად ვიცოდი და ცოტათი…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on კვირა, 11 აგვისტო, 2024

„შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული. შეხვედრამდე ძმაო“ – წერს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე.

Archil Badriashvili შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული. შეხვედრამდე ძმაო

Posted by Guga Kashibadze on კვირა, 11 აგვისტო, 2024

„ლეგენდები არ კვდებიან… არა! არა! და არა! ისეთი სირთულის გზები ჰქონდა გავლილი, ისეთი სირთულის მთები ქონდა დალაშქრული… წინ კიდევ რამდენი თავგადასავალი და წარმატება ელოდა. მაგრამ ასე მოხდა, მშობლურმა მთებმა ჩაიხუტა გულში და აღარ დაგვიბრუნა…😔

ასეთია მთის კანონი და ნება. ჩვენ კი იძულებულები ვართ შევეგუოთ ამას და როგორც არჩილი მიაბიჯებდა მაყად მთებში ისე დავიწყოთ ჩვენც სიარული მიწაზე.

აჩი არა მარტო მეგობრების არამედ ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკარგია,თუმცა ამ ქვეყანაში ასეთ სპორტს არ აფასებენ.

არჩილი არის ლეგენდა! ჩვენი თაობის ლეგენდა!

მშვიდობით, მეგობარო“, – წერს ნანიკო გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში.

ლენეგდები არ კვდებიან… არა! არა! და არა! ისეთი სირთულის გზები ქონდა გავლილი, ისეთი სირთულის მთები ქონდა დალაშქრული… წინ…

Posted by ნანიკო გრიგალაშვილი on კვირა, 11 აგვისტო, 2024

ცნობისათვის, არჩილ ბადრიაშვილი იყო გამორჩეული ალპინისტი, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც ჰქონდა მოგებული.

არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, „ოქროს ძალაყინი“ ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი – ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო. 

„ახალი გზა უშბაზე“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც 2020 წელს გამოვიდა და ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს. ამ ფილმში არჩილ ბადრიაშვილი და მისი კოლეგა გიორგი ტეფნაძე დეტალურად მოგვითხრობენ, თუ როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g