LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი Ferrari Enzo აუქციონზე – ფასი 6 მილიონ დოლარს უახლოვდება

118
1428x1428

აუქციონის სახლი RM Sotheby’s გასაყიდად გამოიტანს ლეგენდარულ სუპერქარს Ferrari Enzo-ს, რომლის ღირებულებაც შესაძლოა 6 მილიონ დოლარს მიუახლოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს ამ კლასისთვის შედარებით დიდი გარბენი აქვს – 19 ათას კილომეტრზე მეტი, მისი უნიკალურობა ფასს მნიშვნელოვნად ზრდის.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული მოდელი ერთ-ერთია იმ ცხრა ეგზემპლარიდან, რომელიც იტალიის მარანელოდან განსაკუთრებულ Argento Nurburgring-ის ფერში გამოვიდა. უფრო მეტიც, ასეთი კომბინაცია – ვერცხლისფერი ძარა და წითელი ტყავის სალონი, სულ ხუთ ავტომობილზე გვხვდება, რაც მას კოლექციონერებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

კონკრეტულ ავტომობილს დამატებით ღირებულებას სძენს მისი ისტორიაც: 2004 წელს გაყიდვის შემდეგ იგი 15 წლის განმავლობაში ერთ ბრიტანელ კოლექციონერს ეკუთვნოდა, მოგვიანებით რამდენიმე წელი შვეიცარიაში გაატარა და ახლა კვლავ დიდ ბრიტანეთშია დაბრუნებული.

მიუხედავად მაღალი გარბენისა, სუპერქარი შესანიშნავ მდგომარეობაშია და აქვს Ferrari Classiche-ის ოფიციალური სერტიფიკატი, რაც მისი ავთენტურობის გარანტიას წარმოადგენს. ავტომობილი აღჭურვილია 6 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით, რომელიც 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება დაახლოებით 3.65 წამში შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შთამბეჭდავი ფასისა, ეს არ არის Ferrari Enzo-სთვის რეკორდი: მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ში ერთ-ერთი ეგზემპლარი 17.8 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც წინა რეკორდს თითქმის სამჯერ აღემატება.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები