LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა „ჰუსიტების“ მიერ მისი ტერიტორიისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია – ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელევიზიო მიმართვა და ირანის საგარეო უწყების გაფრთხილება

158
ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დასავლეთ იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად პორტ „ჰოდეიდაზე“ საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ პორტი არაერთხელ გამოუყენებიათ ირანიდან გაგზავნილი იარაღის გადასაზიდად და ამიტომ ისრაელი მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ თვლიდა.

საკითხს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, ისრაელი ყველანაირად და ყველა ფრონტზე დაიცავს თავს და ყველა, ვინც მას ზიანს აყნებს, მძიმე ფასს გადაიხდის.

იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად პორტზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს ჩვენი მტრისთვის, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება… მე მაქვს მესიჯი ისრაელის მტრებისთვის – ნუ შეცდებით ჩვენთან მიმართებააში“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სატელევიზიო მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა:

„ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის აგრესიისთვის. პორტი, რომელსაც ჩვენ თავს დავესხით, არ არის უდანაშაულო პორტი. ის გამოიყენებოდა, როგორც შესასვლელი პუნქტი ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ მიწოდებული სასიკვდილო იარაღისთვის“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

იემენის პორტ „ჰოდეიდაზე“ ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ღაზას სექტორში ჩადენილი დანაშაულებისა და იემენზე თავდასხმების სახიფათო და არაპროგნოზირებად შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და მის მხარდამჭერ შეერთებულ შტატებს ეკისრებათ.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 – დაშავდა. აღნიშნულ იერიშამდე ერთი დღით ადრე „ჰუსიტებმა“ თელ-ავივზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები