ტელეკომპანია „POST TV“- ის მეწილე, უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის წამყვანის, შალვა რამიშვილის ეთერიდან ჩახსნას არ აპირებს.
ვიქტორ ჯაფარიძემ ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ადამიანის გამტყუნება მიუღებელია:
„დაველოდოთ სასამართლოს და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს.
აბა, ადამიანს ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ, კაცო? რა გინდათ? სასამართლოს მიმართონ – სასამართლო გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის გადამწყვეტია.
მე არაფერს არ ვაპირებ სასამართლო გადაწყვეტილებამდე.
სასამართლომდე, ასე, აპრიორი ადამიანის გამტყუნება, რომ „ეს, გინდა თუ არა, ასე იყო, არ იყო“ – ჩემთვის მიუღებელია“, – ამბობს ჯაფარიძე.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან შევიწროების ფაქტებზე უკვე ხუთი ქალი ალაპარაკდა, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს:
„არ აქვს ამას [მნიშვნელობა], 65-იც რომ იყოს, სასამართლო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ ვისაუბროთ“.
შეკითხვაზე – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტური იქნება – ჯაფარიძე აღნიშნავს:
„რას ჰქვია, რეიტინგებს არ უყურებთ? ევროპულ რეიტინგებს – მოწინავე 18 ქვეყანაშია ჩვენი სასამართლო“.
ვიქტორ ჯაფარიძე ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასა და პოზიციაზე გული დასწყდა:
„სხვათა შორის, ძალიან გული დამწყდა პრეზიდენტზე, მეორე ჟურნალისტი რომ არ დაიცვა – ხელი რომ აქვს მოტეხილი, იმაზე რატომ არაფერი თქვა?“.
ამავე თემაზე:
პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!