ცნობილი ბრიტანელი შეფმზარეულის ჯეიმი ოლივერის ფეისბუკის გვერდზე, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, პირველი ვიდეორგოლი გამოქვეყნდა.
ვიდეოს თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ:
„თუ აქამდე არაფერი გსმენიათ ქართული სამზარეულოს შესახებ, მოემზადეთ რაღაც განსაკუთრებულისთვის. შემოუერთდით ჯეიმი ოლივერს, რომელიც ფხალს აგემოვნებს, ქართულ ტრადიციულ შოთის პურს აცხობს და საქართველოს უნიკალურ და უძველესს ღვინის კულტურას იკვლევს“.
შეგახსენებთ, ჯეიმი ოლივერი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით გაზაფხულზე ესტუმრა. მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს გაეცნო და ქართული კერძების მომზადების მიზნით ადგილობრივ შეფმზარეულებს შეხვდა.
ჯეიმი ოლივერის სოციალური არხების გამომწერებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფმზარეულის კულინარიულ თავგადასავალს საქართველოში.
ჯეიმი ოლივერს ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ერთად 20 მილიონზე მეტი, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.