LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი: „საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა“

140
სენატორები

„დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“ – ამის შესახებ ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ.

ერთობლივი განცხადებით სენატორები საქართველოს მთავრობისთვის, 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებას ეხმაურებიან.

აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს

მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.

სენატორების განცხადებით, დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება:

„მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილების საპასუხოდ, აღასრულოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შევიწროებისთვის, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალისხმევასა და რეფორმებს, მუშაობს მთავრობასთან მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს…

სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“, დებულებას ასახავს, რომელიც საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას მოითხოვდა. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა განაახლოს თანამშრომლობა, როდესაც ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს“ – აცხადებენ სენატორები.

ინფორმაციისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g