LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიეტას აივანი ფასიანი გახდა – ვერონაში ტურისტებისთვის ახალი წესები ამოქმედდა

169
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იტალიის ქალაქმა ვერონამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რომანტიკული ღირსშესანიშნაობა – ჯულიეტას აივანი ფასიანი გახადა. ამიერიდან ტურისტებს, რომლებსაც შექსპირის ლეგენდარულ ადგილთან მიახლოება სურთ, 12 ევროს გადახდა მოუწევთ. ბილეთის ღირებულებაში შედის ასევე შენობაში მდებარე მუზეუმის დათვალიერებაც.

ე.წ. „ჯულიეტას სახლი“ ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს – საშუალოდ დღეში არანაკლებ 8 ათას ადამიანს. დიდი ინტერესის გამო ხშირი იყო გრძელი რიგები და გადატვირთული ეზო, რამაც ადგილობრივი ხელისუფლება დამატებითი რეგულაციების მიღებაზე დააფიქრა.

ისტორიული შენობა XIII საუკუნით თარიღდება და ოდესღაც ეკუთვნოდა დელ კაპელოს ოჯახს, რომელსაც მკვლევრები შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ კაპულეტების პროტოტიპად მიიჩნევენ. სწორედ ამ კავშირმა აქცია აივანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანტიკულ ლოკაციად.

ახალი წესებით ცვლილებები მხოლოდ ფასს არ ეხება. წყვილებს, რომლებიც აივანზე ასვლას შეძლებენ, ფოტოების გადასაღებად მხოლოდ 60 წამი ეძლევათ, რის შემდეგაც მათ ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. ამასთან, შენობაში ერთდროულად დაშვებული ვიზიტორების რაოდენობა 130-დან 100 ადამიანამდე შემცირდა.

ვერონის მერიის განმარტებით, ეს ნაბიჯები უსაფრთხოების მიზნით გადაიდგა. გადატვირთული სეზონის დროს ეზოში შეკრებილი ტურისტების სიმრავლე სერიოზულ რისკებს ქმნიდა, მათ შორის შესაძლო ჭყლეტას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვების იდეა ჯერ კიდევ 2021 წლიდან განიხილებოდა. ვერონა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის – იტალიის არაერთი ქალაქი ცდილობს ტურისტული ნაკადების კონტროლს. მაგალითად, ვენეციამ 2024 წელს ერთდღიანი ვიზიტებისთვის სპეციალური გადასახადი დააწესა.

იტალიაში სულ უფრო აქტიურად ეძებენ ბალანსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტურიზმის ეკონომიკურ სარგებელს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g