პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „ევროოპტიმისტების“ წევრს, რომან გოცირიძეს უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მოჰყვა რომან გოცირიძის სიტყვით გამოსვლას, რა დროსაც მან შს მინისტრს ჰკითხა:
„22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ ბოლო წლებია არ მომხდარა, რასაც ვაკვირდები, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ამიტომ, უნდა დააკვირდეთ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში“.
გომელაური: უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული მხარისთვის კიდევ ორი შვეულმფრენის გადმოცემა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა გოცირიძეს „მოღალატე“,“აგენტი“ და „კაცმაცუნა“ უწოდეს.
„დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, ქვეყნის მტრობას შეეშვი“ – უთხრა რომან გოცირიძეს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„საზღვარი აქვს ყველაფერს, ხმა ჩაიგდე შე მოღალატე, თქვი, რომ აგენტი ხარ“, – მიმართა მას „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, რომან გოცირიძის კითხვას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც:
„ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით, საქართველოს პოლიტიკოსი ხართ თუ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი? რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული, საქართველოს დროშა თუ სხვა ქვეყნის დროშა? ყველაფერს აქვს ზღვარი. როცა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი, ამას არ დავუშვებთ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.