ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არიან. მათგან ერთ-ერთი, უმცროსი 14 წლისაა, უფროსი 16-ის.
„ახმათი, ელი და ადამი ფრონტის ხაზს ეწვივნენ, სადაც ამჟამად უკრაინელ ნაციონალისტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ“, – ამბობს რამზან კადიროვი.
როგორც ჩეჩნეთის ლიდერი აღნიშნავს, მისმა შვილებმა „ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე შაიტანებს“ მიმართეს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეზე, წინადადებით, „გავიდნენ ფრონტის ხაზზე და ბრძოლაში დაამტკიცონ თავიანთი ევროპული ღირებულებების დაცვა.“
კადიროვის თქმით, მისი ვაჟები „რამდენიმე დღეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში, იჩქერიის ბატალიონების წევრებს აქტიურად ეძებენ.“
ცნობისთვის, 3 ოქტომბერს კადიროვმა გამოაცხადა, რომ თავის არასრულწლოვან შვილებს უკრაინის ფრონტის ხაზზე გაგზავნის.