ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ჩეჩენი მოხალისეების ბატალიონს, რომელიც უკრაინის არმიის სამხედროებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, განადგურებით ემუქრება.
როგორც კადიროვი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე წერს, ამ კვირაში „ნაციონალისტებისგან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორია გაათავისუფლეს“, მაგრამ „მინიმუმ ჩეჩნებისთვის სპეცოპერაცია დასრულებიდან ჯერ კიდევ შორსაა.“
კადიროვის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ „თუ საჭიროა კიევამდე მისვლის შესაძლებლობასაც მისცემენ“, რათა „თავის დროზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გაქცეული ტერორისტების ნარჩენები“ გაანადგურონ.
უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეებს კადიროვი „ვირთხებს“ უწოდებს, რომლებსაც „დიდი ხანია ეძებენ“.
„დიდი იმედი მაქვს, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასცემს ბრძანებას და ანგარიშის გასასწორებლად სწორედ ჩეჩენთა ქვედანაყოფებს გაგზავნის.“– წერს რამზან კადიროვი.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში „შეიხ მანსურის ბატალიონი“ იბრძვის, რომელიც ძირითადად, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ სამშობლოდან წასული მეომრებით შედგება.
კადიროვმა ახალი ბატალიონების შექმნა დააანონსა – რას წერს ჩეჩნეთის ლიდერი