„ბევრი საკითხი ამოტივტივდა, დაველოდოთ, თუ როგორ წარიმართება გამოძიება. ზოგადად, საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა, ბევრი კითხვა არსებობს და დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, კახაბერ გვანცელაძის სავარაუდო თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ჰქონოდა, მისი უწყების მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
„რომ ვყოფილიყავით საქმის კურსში [კახაბერ გვანცელაძის სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ] ამას მოჰყვებოდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება. ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 000-მდე თანამშრომელია. პრობლემა იცით რა არის? თქვენ ვერ მწვდებით ვერანაირად პოლიტიკურად, ყოველთვის განადგურებთ პოლიტიკურად, შესაბამისად, ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ. ჩვენც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე კანონდარღვევა იყო ტენდერის ჩატარების პროცესში. იმის უკან რა იდგა, რა იყო, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია.
თუ ვინმეს დანაშაული აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველა პირი, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად გუშინ წარედგინა.
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.
⭕ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
